რა ქონების მფლობელია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე

ზაზა თავაძე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ დაინიშნა.

თავაძის მიერ 2016 წლის 13 მაისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, 2015 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, საკონსტიტუციო თავმჯდომარის პოსტზე მისმა შემოსავალმა 120 552.14 ლარი შეადგინა.

დეკლარაციის შევსების მომენტში ზაზა თავაძის სახელზე იყო სახელფასო ანგარიში 1 500 ლარის და საკრედიტო 58.66 ლარის ოდენობით, ასევე მიმდინარე OFFSET-ის სადებეტო ანგარიში 27 000 დოლარის ოდენობით.

მისი მეუღლის თეა ძოწენიძის სახელზეა „პროკრედიტ ბანკში“ მიმდინარე ანაბარი 180 000 დოლარის ოდენობით.

რაც შეეხება უძრავ-მოძრავ ქონებას, უძრავი ქონების სახით ზაზა თავაძის მეუღლის თეა ძოწენიძის საკუთრებაშია 125 კვ. მეტრი ფართობის ბინა თბილისში, მაყაშვილის ქუჩაზე.

თავაძის მეუღლის საკუთრებაშია ასევე 150 000 დოლარის ოდენობის ნაღდი ფული.

ზაზა თავაძის სახელზე ორი იარაღია დარეგისტრირებული - სანადირო თოფი James Purdey and sons და კარაბინი „ზიგ ზაუერი 716“.

ზაზა თავაძის სახელზეა რეგისტრირებული 4 სხვადასხვა ხელშეკრულებაც, საიდანაც 2015 წლის 31 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გასავალი 67 139 ლარი და 94 837 დოლარი იყო.

გარდა ამისა, წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ბინის სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით თავაძის გასავალმა 27 000 დოლარი, ავეჯის შეძენისას 18 000 დოლარი, ხოლო შვილების: იოანე და გიორგი თავაძეების სწავლის გადასახადზე 7 500 ლარი შეადგინა.

თაია არდოტელი