მალე საქართველოში იაფი ირანული საწვავი გაიყიდება

უახლოეს პერიოდში საქართველო საწვავის შემოტანას ირანიდანაც დაიწყებს. აქამდე იმპორტიორი კომპანიებისთვის ერთადერთი ბარიერი პროდუქტის ხარისხი იყო. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, ირანი უკვე იწყებს ევროსტანდარტთან შესაბამისი საწვავის წარმოებას, რის შემდეგაც იგი ქართული კომპანიებისთვის ერთ-ერთი პერსპექტიული მიმართულება გახდება. მოსალოდნელია, რომ საწვავის იმპორტში რუსული, თურქმენული და უკრაინული საწვავის წილიც თვალშისაცემად მოიმატებს.

ამჟამად საწვავის იმპორტში რუსულ და თურქმენულ საწვავს ერთობლივად 25% უჭირავს, 60% ევროპულ პროდუქტზე მოდის. ეს-ეს არის იმპორტი დაიწყო უკრაინიდანაც. ამ ქვეყნიდან იმპორტირებული საწვავის წილი ჯერ 3%-ს არ აღემატება.

სპეციალისტების შეფასებით, არეალის გაფართოება ნავთობის ბაზარზე კონკურენციის ზრდამ გამოიწვია. ამის შესაძლებლობა მცირე და საშუალო კომპანიებს აქამდე არ ჰქონდათ. ამ ქვეყნებიდან იმპორტის ზრდას საწვავის მისაღები ფასი განაპირობებს. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში, ფასის გარდა, მიზეზად საწვავის ხარისხს მიიჩნევენ. კავშირის ხელმძღვანელის ვანო მთვრალაშვილის ინფორმაციით, რუსეთიდან და თურქმენეთიდან საწვავის იმპორტი 2000 წლიდან ხორციელდება, მაგრამ ბოლო წლებში ეს პროცესი მკვეთრად გააქტიურდა.

"თურქმენეთი 2000-იანი წლებიდან ნავთობპროდუქტების ტრადიციული სტაბილური მომწოდებელია. ბოლო დრომდე ამ ქვეყნიდან ბენზინი და დიზელი შემოდიოდა. შემდეგ ბენზინის შემოსვლა შეწყდა, რადგან იქ წარმოებული პროდუქტი ჩვენთან არსებულ სტანდარტს არ აკმაყოფილებდა. ამ ეტაპზე შემოდის მხოლოდ დიზელი, მათ შორის ევრო 5-ის სტანდარტის შესაბამისი. პარალელურად შედარებით დაბალხარისხიანი დიზელის იმპორტიც ხორციელდება. შეიძლება ითქვას, რომ თურქმენეთი საქართველოს სტაბილური სავაჭრო პარტნიორია", - განმარტავს მთვრალაშვილი.

რაც შეეხება რუსეთს, ბოლო 4 წელია, ამ ქვეყნიდან იმპორტი სტაბილურად დაიწყო. რუსეთიც, ძირითადად, დიზელის მომწოდებელია, მაგრამ უკვე ბენზინიც აქტიურად შემოდის. 2 წელია, ბაზარზე რუსული საწვავის ხვედრითი წილი საკმაოდ გაიზარდა. იმპორტის საერთო მოცულობაში 12%-ს გადააბიჯეს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

"ცხადია, საწვავის შემოტანის მხრივ არანაირი შემზღუდავი მექანიზმი არ არსებობს. მთავარია, იმპორტირებული პროდუქტი საქართველოში მოქმედ სტანდარტს აკმაყოფილებდეს. შეიძლება, ეს არ არის უმაღლესი ხარისხის საწვავი, მაგრამ დამაკმაყოფილებელია და პრეტენზია ამ დროისთვის არც კომპანიების, არც მომხმარებლის მხრიდან არ დაფიქსირებულა.

როგორც წესი, კომპანიები გადაწყვეტილებას ფასისა და ხარისხიდან გამომდინარე იღებენ. ბაზარზე ძალიან ბევრი იმპორტიორი ოპერირებს და შემოტანილი პროდუქტი ფასითაც და ხარისხითაც უნდა იყოს მისაღები", - აცხადებს მთვრალაშვილი.

მისი ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში საექსპორტო ქვეყნების ჩამონათვალს ირანიც დაემატება. ამ ქვეყნიდან საწვავის შემოტანა უკვე იგეგმება.

"ჩვენთვის მთავარი პირობაა, საწვავი დაბალფასიანი იყოს. ვფიქრობ, ირანი ამ მხრივ ძალიან პერსპექტიული მიმართულებაა. იმპორტს უახლოეს პერიოდში დავიწყებთ, თუმცა კონკრეტულ ვადაზე საუბარი ჯერჯერობით მაინც ნაადრევია. მოგეხსენებათ, ირანს მოეხსნა სანქციები, მაგრამ მას ამ ეტაპზე არ გააჩნია მაღალხარისხიანი პროდუქტი, რაც ქმნის პრობლემას. თუმცა, იქ იწყება თანამედროვე ევროსტანდარტის შესაბამისი პროდუქტის წარმოება. როგორც კი ეს საკითხი მოგვარდება, საქართველოში ირანული საწვავის იმპორტი დაიწყება. ეს დრო ძალიან მალე დადგება", - დასძენს მთვრალაშვილი.

სპეციალისტების შეფასებით, საწვავის არეალის გაფართოება კონკურენციის ზრდას უკავშირდება. როგორც ანალიტიკოსი ბექა კემულარია განმარტავს, 2012 წლამდე მცირე კომპანიებს საწვავის შემოტანის შესაძლებლობა არ ჰქონდათ. ბოლო წლებში, რაც კონკურენციის სააგენტომ მსხვილი კომპანიები დააჯარიმა, პრობლემა მოგვარდა.

"2012 წლამდე 5 კომპანიის გარდა, ბაზარზე საწვავს ვერავინ შემოიტანდა. ამიტომ მათ ინტერესში, ევროპისა და აზერბაიჯანის გარდა, სხვა ქვეყნები არ შედიოდა. ეს იყო მახინჯი პრაქტიკა და კანონდარღვევაც, რაც კონკურენციის სააგენტომ გამოავლინა. ახლა კი გამოჩნდა ახალი კომპანიები, რომლებმაც სხვა გზები აითვისეს, ახალი ქვეყნები გაჩნდა და კონკურენცია გაიზარდა.

დადებითი ტენდენციაა, როცა რუსული, თურქმენული და გნებავთ, უკრაინული საწვავის წილი მატულობს. ჩემი აზრით, კიდევ უფრო მოიმტებს ევროპული საწვავის მოხმარებაც. "პრემიუმის" ტიპის ბენზინს ავტომობილები მასობრივად იყენებენ, რამდენადაც მანქანების ახალი მოდელებისთვის ევროპული საწვავი რეკომენდებულია. ავტოპარკის განახლება ხდება და ევროპულ საწვავზე მოთხოვნის ზრდაც ამითაა განპირობებული", - განმარტავს კემულარია.

სტატისტიკური მონაცემით, საქართველოში საწვავის იმპორტის მნიშვნელოვანი მატებაა. ზედიზედ სამი წელია ეს მაჩვენებელი მატულობს. მიმდნარე წლის პირველი 9 თვის განმავლობაში საწვავის იმპორტი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 12,3%-ით არის გაზრდილი.

2016 წლის სექტემბერში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა რუმინეთიდან განხორციელდა. მეორე და მესამე ადგილს ბულგარეთი და რუსეთი იკავებენ. იქვეა აზერბაიჯანი და თურქმენეთიც.

როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში განმარტავენ, საწვავის იმპორტი მზარდ ტენდენციას სამომავლოდაც შეინარჩუნებს.

მარი ჩიტაია

გაზეთი "რეზონანსი"