ვაკის რაიონში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე 5 720 700 ლარი დაიხარჯა

2016 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, ვაკის რაიონის მასშტაბით, გზის რეაბილიტაცია 138 მისამართზე განხორციელდა. საერთო ჯამში კი გზის საფარი 90 696,52 კვ. მეტრის ფართობზე შეკეთდა. 

როგორც მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კეთილმოწყობის მიმართულებით განხორციელებული პროექტების თანახმად, ბოლო მონაცემებით, რაიონის მასშტაბით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 28 სპორტულ მოედანს, 31 სკვერს, დაიდგა 150 მოსასვენებელი სკამი. გარდა ამისა, აშენდა 18 ბეტონის კიბე და 12 საყრდენი კედელი.

ვაკის ტერიტორიაზე, 16 მისამართზე დაზიანებული შენობა-ნაგებობებისა და აივნების ფასადური რეაბილიტაციის, პარაპეტების მონტაჟისა და ავარიული შენობების დროებითი გამაგრების სამუშაოები ჩატარდა, რაზეც 22 600 ლარი დაიხარჯა.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ცნობით, 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებზე წელს 1 806 738.37 ლარი დაიხარჯა. სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სახლების რემონტი 79 მისამართზე უკვე დასრულდა, სამუშაოები ამჟამად 21 მისამართზე მიმდინარეობს. გარდა ამისა, ერთჯერადი ფინანსური დახმარება მიმდინარე წელს 553 500 ლარის ოდენობით 76 ოჯახზე გაიცა.