თბილისში ქვეითი დასუფთავების ინსპექცია გამოჩნდება

”თბილსერვის ჯგუფი” მომავალი წლიდან ქვეითი დასუფთავების ინსპექციის შემოღებას გეგმავს, რომელიც ქუჩაში მოსიარულე ადამიანს გარემოს დაბინძურების ფაქტზე დააჯარიმებს.

ამის შესახებ თბილსერვის ჯგუფის დირექტორის პირველმა მოადგილემ დავით დოლიძემ ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”ჩემი კითხვა” განაცხადა.

”ქვეითი დასუფთავების ინსპექტორი ქუჩაში ივლის, აღჭურვილი იქნება კამერით და ქალაქში სისუფთავეს გააკონტროლებს. პირველ ეტაპზე გვინდა იმ ქუჩებზე მაინც შემოვიღოთ დასუფთავების ინსპექცია, რომელიც ცენტრალურია და სადაც ბევრი ტურისტი დადის. პროექტი უკვე არსებობს და ახალი წლიდან ქვეითი ეკიპაჟი უკვე ივლის ქალაქში”, - განაცხადა დავით დოლიძემ.

მისივე თქმით, პროექტის დამტკიცებამდე შსს-თან იურიდიული და ტექნიკური საკითხების შეთანხმება მიმდინარეობდა, თუ რამდენად ჰქონდა ”თბილსერვის ჯგუფს” ადამიანის გაჩერებისა და დაჯარიმების უფლება. დავით დოლიძის განცხადებით, მათ ეს უფლება უკვე მიენიჭათ და ქვეითი ინსპექტორი ქალაქში მომავალი წლიდან შემოვა.

დავით დოლიძის განცხადებით, „თბილსერვის ჯფუფში“ არის ზედამხედველობის სამსახური, რომელიც 24 საათის განმავლობაში მუშაობს და ძირითადად სამშენებლო კომპანიებს აჯარიმებს.

”სამწუხაროდ, ჩვენ მხოლოდ 10 ეკიპაჟი გვყავს, რომელიც ქალაქში 10 რაიონს ემსახურება. ძირითადად ჩვენგან სამშენებლო ნარჩენებზე ხდება დაჯარიმება. სამშენებლო ნარჩენები ისეთ ადგილას იყრება, სადაც დაშვებული არ არის. შესაბამისად, სამშენებლო კომპანიებზე ძალიან ბევრი ჯარიმა იწერება”, - განაცხადა „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის პირველმა მოადგილე დავით დოლიძემ ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”ჩემი კითხვა”.