ბოტანიკურ ბაღში დღეს იაპონური ბაღი გაიხსნება

ბოტანიკურ ბაღში დღეს, იაპონიის საელჩო თბილისის მერიასთან ერთად იაპონურ ბაღს საზეიმოდ გახსნის. იაპონური ბაღი იაპონიისა და საქართველოს მეგობრობას ეძღვნება.

როგორც იაპონიის საელჩო იუწყება, საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იაპონური ბაღის მშენებლობა საქართველოში იაპონიის საელჩოსა და თბილისის მერიის ძალისხმევით განხორციელდა, “იაპონიის ექსპო’70 ფონდის“ (JAPAN EXPO’70 FUND) და კომპანია JTI-ის მხარდაჭერით. ბაღის პროექტი კი იაპონურ კომპანიას „კოსუგის“ ეკუთვნის, რომლებიც უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ და მუშაობდნენ ბაღის მოწყობის პროცესში.

იაპონური ბაღი იაპონური კულტურის განუყოფელი ნაწილია, ის წარმოადგენს სხვადასხვა ელემენტთა უბადლო შერწყმას სილამაზის შესაქმნელად. იაპონური ბაღის დიზაინერები სამ ძირითად პრინციპს იცავენ: შემცირებული მასშტაბი, სიმბოლიზაცია და „ნასესხები პეიზაჟები “. სამივე პრინციპი დაცულია ბოტანიკურ ბაღში აშენებულ იაპონურ ბაღში.

შემცირებული მასშტაბის პრინციპი მთებისა და მდინარეების ბუნებრივი ხედების მინიატურიზაციას ითვალისწინებს, რათა ერთად მოაქციონ ისინი მოცემულ შეზღუდულ სივრცეში. ბოტანიკურ ბაღში აშენებულ იაპონურ ბაღში ეს პრინციპი თვალსაჩინოა: ბაღი მხოლოდ 250 კვ.მ ფართობზეა მოწყობილი, თუმცა თვალსაჩინოდ არის წარმოდგენილი იაპონიის პეიზაჟები.

თბილისის იაპონურ ბაღში სიმბოლიზაციის მაგალითია დიდი ქვები, რომლებიც მთების იმიტაციაა. უნდა აღვნიშნოთ, რომ თბილისის იაპონური ბაღისთვის საგანგებოდ იყო ჩამოტანილი იაპონიის სიმბოლოდ ქცეული ფუჯისანის ვულკანური მთის ფერდობიდან ლავის ნაწილები, რაც ასევე შეიძლება ჩაითვალოს იაპონიასა და იაპონურ ბაღს შორის დამყარებულ ურთიერთკავშირის სიმბოლოდ. „ნასესხები პეიზაჟის“ შემთხვევაში დიზაინერები ხელოვნური ბაღის უკანა ფონზე არსებულ რეალურ ბუნებრივ ხედებს (მაგ: მთები) იყენებენ და ცდილობენ გადააქციონ ისინი მათი ხელოვნური სცენური კომპოზიციის განუყრელ ნაწილად. საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იაპონური ბაღის ასაშენებლად ადგილი ისე შეირჩა, რომ მის უკანა ფონზე ნარიყალას ლამაზი პანორამა იშლება.

იაპონიის საელჩო იმედოვნებს, რომ იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ეს მცირე საჩუქარი, ერთ-ერთი საყვარელი ადგილი გახდება საქართველოში მცხოვრებლებისთვის.