სიღნაღში „ღვინის ფესტივალი“ გაიმართება

ქალაქ სიღნაღში დღეს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით, „ღვინის ფესტივალი“ გაიმართება. ფესტივალი ქალაქში მეცხრე წელია ტარდება და ტრადიციულ ხასიათს ატარებს. სიღნაღი ამ დღეს საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოსულ სტუმარს უმასპინლებს. ფესტივალზე გამოვლინდებიან სიღნაღის საპატიო მოქალაქეებიც.

როგორც სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, საფესტივალო სვლა ბარათაშვილის ქუჩიდან დაიწყება.

,,ქუჩის მთელ პერიმეტრზე, ძველ სიღნაღურ აივნებზე ხალიჩები გამოიფინება, განლაგდება კასრები, სადაც ტრადიციული წესით დამზადებული ღვინო და კუთხური სამზარეულო იქნება წარმოდგენილი. გამოცხვება თონის პური და კახური ნაზუქი, შეიწვება მწვადი, მოდუღდება თათარა, რომელშიც მონაწილეობის მიღება ნებისმიერი სტუმრისთვის შესაძლებელი იქნება. ღვინის მარნები სტუმრებს ევროპული ღვინის დეგუსტაციას შესთავაზებენ'', – აცხადებენ სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.

ღვინის ფესტივალი ერეკლე II-ის მოედანზე გამართული კონცერტით დასრულდება, რომელშიც მონაწილეობას არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ბალტიისპირეთიდან, ინდოეთიდან და ინგუშეთიდან ჩამოსული ანსამბლებიც მიიღებენ.

ღვინის ფესტივალი 12:00 საათზე დაიწყება და მთელი დღის განმავლობაში გასტანს.