ხულოში ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ექიმები უფასო სამედიცინო აქციას ჩაატარებენ

ხულოს მუნიციპალიტეტის რაიონულ საავადმყოფოში ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ექიმები დღეს, ქალებსა და ბავშვებს უფასო სამედიცინო კონსულტაციას გაუწევენ.

როგორც ”სამედიცინო კორპორაცია ევექსში” იუწყებიან, კონსულტაციის მიღება ერთი დღის განმავლობაში ნებისმიერ მსურველს შეეძლება, ხულოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ადგილზე ყველა პროფილის პედიატრი: ქირურგი, გასტროენტეროლოგი, ნევროლოგი, კარდიოლოგი, ალერგოლოგი, ინფექციონისტი, ნეონატოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ტრავმატოლოგი და გინეკოლოგი მოემსახურება. აქციის ფარგლებში პორტატული ულტრაბგერის (ექოსკოპის) აპარატით განხორციელდება მუცლის ღრუს ორგანოების დიაგნოსტიკური კვლევაც, ასევე კარდიოექოსკოპიური და ნეოროსონოსკოპიური კვლევები. ასევე ჩატარდება ქალთა გინეკოლოგიური კონსულტაციაც.

მათივე ინფორმაციით, პაციენტებზე გაიცემა სამკურნალო დანიშნულებაც და საჭიროებისამებრ მოხდება მათი მიზნობრივი რეფერირება.