"C ჰეპატიტის უპრეცედენტო პროგრამა, რომელიც საქართველოშია, მნიშვნელოვანია სხვა ქვეყნებისთვის"

C ჰეპატიტის უპრეცედენტო ელიმინაციის პროგრამა, რომელიც საქართველოშია, მნიშვნელოვანია სხვა ქვეყნებისთვის , - ამის შესახებ ჟურნალისტებს ამერიკული ფარმაცევტული კომპანია ”გილეადის” პრეზიდენტმა გრეგ ალტონმა განუცხადა, რომელიც საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის შეხვედრაზე დასაწრებად ჩამოვიდა.

მისივე თქმით, დღევანდელი შეხვედრა არის ტექნიკური, საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა, რომელიც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში ტარდება.

”მისი მიზანია მრავალი ქვეყნიდან სხვადასხვა ექსპერტების მოწვევა და გამოცდილების გაზიარება, საუკეთესო მიღწევების განსაზღვრის მიზნით. ეს უპრეცედენტო პროგრამა, რომელიც საქართველოშია, მნიშვნელოვანია სხვა ქვეყნებისთვის”, - განაცხადა გრეგ ალტონმა.

თბილისში, 24-25 ოქტომბერს, C ჰეპატიტის ელიმინაციის გეგმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის მეორე შეხვედრა იმართება. კონფერენცია დღეს სასტუმრო ”თბილისის მარიოტში” შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ გახსნეს.

საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის მეორე შეხვედრაზე C ჰეპატიტის ელიმინაციის პირველი ფაზის მიმდინარეობას შეაფასებენ, ასევე გრძელვადიან სამოქმედო გეგმას; წარმოადგენენ ვირუსის გავრცელების კვლევის შედეგებს და სამომავლო პრიორიტეტული აქტივობების დაგეგმვაზე იმსჯელებენ.

კონფერენციის ფარგლებში პრევენციისა და კონტროლის ძირითად სტრატეგიებსაც მიმოიხილავენ და C ჰეპატიტიტის ელიმინაციისათვის ინდიკატორებსა და სამიზნეებს განსაზღვრავენ.

საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფი 11 უცხოელი ექსპერტისგან შედგება.