„ენერგო-პრო“ დაბა ბაკურიანში ენერგეტიკული ქსელის რეაბილიტაციისთვის 500 000-მდე ლარის ინვესტიციას განახორციელებს

დაბა ბაკურიანში ზამთრისათვის მზადების პროექტის ფარგლებში, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს განაგრძობს. კომპანიის ინფორმაციით, განხორციელებული სამუშაოების შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება დაბა ბაკურიანის 3000-მდე აბონენტის ენერგომომარაგება და ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხი. ამ კუთხით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ 500 000-მდე ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში აშენდება 2 ახალი 10 კვ-იანი საკაბელო ხაზი, განხორციელდება 35კვ-იანი ქვესადგურისა და სატრანსფორმატორო პუნქტების რეაბილიტაცია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოეწყობა ახალი ცენტრალური გამანაწილებელი პუნქტი; განხორციელებული სამუშაოები გაზრდის ქსელის საიმედოობას და ავარიების შემთხვევაში რეაგირების ოპერატიულობას.

დაბა ბაკურიანში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო 22 ოქტომბერს და დასრულდება ერთი თვის ვადაში.