რამდენიმე თვეში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აკრძალვა იგეგმება

ავტომობილების დილერებისა და იმპორტიორებისთვის კულუარულად გახდა ცნობილი, რომ მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე ახალი რეგულაციების ამოქმედება ახალი წლიდან იგეგმება.

სახელდება ორი სავარაუდო თარიღი - 1 იანვარი და 1 მარტი.

ამის ფონზე, იმპორტიორები ცდილობენ მიმდინარე წელსვე მოასწრონ ავტომობილების იმპორტი, რადგან ვარაუდობენ, რომ მარჯვენასაჭიანი და საჭეგადატანილი მანქანების რეგისტრაციის აკრძალვა მანქანების გაძვირებას და მათზე მოთხოვნის შემცირებას გამოიწვევს.

მარჯვენასაჭიანი მანქანების აკრძალვაზე საუბარი საქართველოში 2015 წლის ბოლოს დაიწყო, როდესაც პარლამენტში ახალი კანონპროექტი შევიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტი მარჯვენასაჭიანი და საჭეგადატანილი მანქანების რეგისტრაციის აკრძალვის სავარაუდო თარიღად 2017 წლის 1 იანვარს ასახელებდა. კანონპროექტის ავტორები დღესაც იმედოვნებენ, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვა მოძრაობას განტვირთავს და უსაფრთხოებას ხელს შეუწყობს.

„მთელ საქართველოში ინფრასტრუქტურა მარცხენასაჭიან მანქანებზე მოძრაობისთვის არის დაგეგმილი და ამ დროს მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რაოდენობა არ უნდა იზრდებოდეს“, - ასეთი გახლდათ კანონპროექტის ავტორთა არგუმენტები. დღესდღეობით მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვის საკითხი ჯერ კიდევ გაურკვეველია. თუმცა როგორც „ეკოტრანსპორტცენტრის“ ხელმძღვანელი ვასილ ურუშაძე აცხადებს, ალბათ ამ საკითხს ახალი პარლამენტი გადაწყვეტს.

„აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტში 2015 წლის დეკემბერში შევიდა და მისი განხილვა მაშინვე დაიწყო. კანონპროექტის პირველად ვერსიაში იყო ჩანაწერი, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აკრძალვა 2016 წლის 1 მარტს უნდა მომხდარიყო, მაგრამ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა, ვინც მივიჩნევდით, რომ ეს უსამართლო გადაწყვეტილება იყო, დიდი წინააღმდეგობა გავუწიეთ. ჩვენ ახლაც ვამბობთ, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილები არანაირ კავშირში არ არის ეკოლოგიასთან და მოძრაობის უსაფრთხოებასთან, არც იმ მოტივებთან, რაზეც შსს ამახვილებს ყურადღებას და რითაც ინიციატორები ცდილობენ თავიანთი შეხედულებების გამართლებას. ყველა არგუმენტი, რომლითაც შსს მარჯვენასაჭიანი ავტომობლების გაუქმებას ამართლებს, გაბათილდა. მაშ, რატომ უნდა აიკრძალოს მარჯვენასაჭიანი მანქანები? - ამ შეკითხვაზე პასუხი მხოლოდ ხელისუფლების კულუარებშია, ალბათ ვინმეს საკუთარი ბიზნესინტერესები ამოძრავებს, სხვა ოფიციალური არგუმენტი, თუ რატომ უნდა აიკრძალოს მარჯვენასაჭიანი ავტომობილები, არ არსებობს. სხვათა შორის, საზოგადოების პროტესტის შემდეგ ამ კანონპროექტზე მსჯელობა შეწყდა, მას პარლამენტში აღარც განიხილავდნენ, რადგან ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა და როგორც ჩანს, მთავრობამ გადაწყვიტა არჩევნების დასრულებამდე თავი შეეკავებინა“, - აღნიშნავს ვასო ურუშაძე.

ურუშაძის თქმით, დღევანდელი რეალობა ასეთია - კანონპროექტი უკვე პარლამენტშია და ის ახალი მოწვევის პარლამენტმა უნდა განიხილოს, ამიტომ მას უმრავლესობა მხარს დაუჭერს.

„ამ პარლამენტის უმრავლესობაში იქნება ის პოლიტიკური გუნდი, რომლის ინიცირებულია აღნიშნული კანონპროექტი. მისი ერთ-ერთი ავტორია შსს-ს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, რომელიც ახლა უკვე პარლამენტის წევრის რანგში მოგვევლინება. ამიტომ, მმართველი გუნდი მაქსიმალურ ლობირებას გაუწევს ამ კანონპროექტს, რომელიც შეფუთულია, როგორც საგზაო უსაფრთხოების კანონპროექტი. ჯერ ისიც კი არ ვიცით, როდის მოხდება აკრძალვა - 1 იანვარს, თუ 1 მარტს, მაგრამ ის უნდა მიიღოს ახალმა პარლამენტმა ახალი შემადგენლობით. ამის შემდეგ უნდა იყოს განხილვები, შესაძლოა კორექტივებიც შეიტანონ, შესაძლებელია პროცესი ცოტა დროში გაიწელოს, მაგრამ დიდია ალბათობა, რომ ბოლოს მაინც დაამტკიცებენ. ჯერჯერობით კი, ზუსტი ინფორმაცია არავის აქვს, რადგან ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ახალმა პარლამენტმა, რომელიც ნოემბერში დაკომპლექტდება“, - ამბობს ვასილ ურუშაძე.

აიკრძალება თუ არა მარჯვენასაჭიანი მანქანების რეგისტრაცია? - ამ შეკითხვაზე პასუხი არც პარლამენტში აქვთ და არც შსს-ში.

„ეს საკითხი ახალმა პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს, ამიტომ ჩვენ ვერაფერს გეტყვით“, - გვიპასუხა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაურმა.

თავის მხრივ, შსს-ში აცხადებენ, რომ უწყებას კანონპროექტი უკვე შეტანილი აქვს პარლამენტში და ახლა უკვე პარლამენტის პრეროგატივაა მისი განხილვაც და დამტკიცებაც.

გაურკვევლობა ამ საკითხში ავტოდილერებსაც აბნევს. ავტოდილერი ლევან ჩიქვანაია აღნიშნავს, რომ ადრე მარჯვენასაჭიანი ავტომობილები საკმაოდ კარგად იყიდებოდა, ახლა კი, კლიენტები ამ მანქანებს ნაკლებად ეტანებიან.

„მარჯვენასაჭანი მანქანები მყიდველებს შორის საკმაოდ პოპულარული იყო. ვინც ტარება იცის, მარჯვენასაჭიან მაქანასაც კარგად ატარებს და მარცხენასაჭიანსაც. აიკრძალება თუ არა, ჯერ ამის შესახებ ინფორმაცია არა გვაქვს. ფაქტია, რომ ეს მანქანები მხოლოდ საქართველოში იყიდება, რადგან მათი რეგისტრაცია მეზობელ ქვეყნებში დაშვებული არ არის, ამიტომ მათ არც აზერბაიჯანელები ყიდულობენ, არც უკრაინელები და არც რუსები, რადგან მათ ქვეყნებში ასეთ მანქანებს არ აფორმებენ, თუნდაც მძღოლმა საჭე მარცხნივ გადაიტანოს. შესაბამისად, ამ ავტომობილებს ძირითადად ქართველები ყიდულობდნენ, რადგან მათი ფასი მარცხენასაჭიანი მანქანებთან შედარებით იაფია: 3500 დოლარად რომ შეიძენთ ნორმალურ მარჯვენასაჭიან მანქანას, 5 ათასი მარცხენასაჭიანში უნდა გადაიხადოთ. ამ ეტაპზე მარჯვენასაჭიანების შეძენას უკვე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებიც ერიდებიან“, - აღნიშნავს ლევან ჩიქვანაია.

ხათუნა ჩიგოგიძე