რუსთავი-წითელი ხიდის და რუსთავი-სადახლოს გზების განახლებისთვის დეტალური პროექტი მომზადდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, E60 ავტომაგისტრალის, რუსთავი-წითელი ხიდის და რუსთავი-სადახლოს გზების განახლებისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და დეტალური პროექტის მომზადებას იწყებს.

როგორც ”საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო იუწყება, აღნიშნული პროექტი, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტის ფარგლებში მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელდება.

”ამ ეტაპზე, რუსთავი-წითელი ხიდის და რუსთავი-სადახლოს გზების განახლებისთვის ტექნიკური და ფინანსური წინადადებები 4-მა კომპანიამ წარმოადგინა. შემდეგ ეტაპზე, შერჩეულ კომპანიასთან დაიწყება საკონტრაქტო მოლაპარაკებები და ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და დეტალური პროექტის დოკუმენტი მომზადდება. რუსთავიდან სადახლოს მიმართულებით 40 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა იგეგმება, მშენებლობის სავარაუდო ღირებულება 90 მლნ აშშ დოლარია”, - განმარტავენ სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, რუსთავიდან წითელი ხიდის მიმართულებით დაგეგმილია 35 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა და მისი სავარაუდო ღირებულება 110 მლნ აშშ დოლარია.