ალკოჰოლის მოხმარებით ქალები მამაკაცებს გაუტოლდნენ

ავსტრალიელი მეცნიერების კვლევის თანახმად, ალკოჰოლის მოხმარების მხრივ, ქალები მამაკაცებს გაუთანაბრდნენ.

მეცნიერებმა 1891-2001 წლების პერიოდში დაბადებული 4 მილიონი ადამიანის მონაცემთა ბაზა გააანალიზეს. გაირკვა, რომ ადრე მამაკაცები ალკოჰოლურ სასმელებს გაცილებით უფრო ხშირად მოიხმარდნენ, ვიდრე ქალები. თუმცა თანამედროვე თაობაში ეს სხვაობა თითქმის გათანაბრდა.

სამედიცინო ჟურნალ BMJ Open-ის ინფორმაციით, XX საუკუნის დასაწყისში მამაკაცები ალკოჰოლს ქალებზე 2,2-ჯერ ხშირად მიირთმევდნენ, ქალებზე სამჯერ ხშირად ალკოჰოლიზმის დონემდე სვამდნენ და 3,6-ჯერ უფრო ხშირად განიცდიდნენ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

თუმცა, მომდევნო ათწლეულებში სხვაობა სულ უფრო მცირდებოდა. კვლევის თანახმად, 21-ე საუკუნის დასაწყისში მამაკაცები ალკოჰოლს ქალებზე 1,1-ჯერ ხშირად მიირთმევენ, ქალებზე 1,2-ჯერ ხშირად ალკოჰოლიზმის დონემდე სვამენ და 1,3-ჯერ ხშირად განიცდიან ალკოჰოლით ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

ლონდონის ჰიგიენისა და ტროპოკული მედიცინის სკოლის პროფესორი მარკ პეტიქრიუ ამბობს, რომ ამ ცვლილების გამომწვევი მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცისა და ქალის სოციალური როლის შეცვლა არ არის.

„ალკოჰოლის ხელმისაწვდომობა ასევე თამაშობს მნიშვნელოვან როლს, მით უმეტეს, რომ ალკოჰოლური სასმელების რეკლამა ხშირად განკუთვნილია ქალების სეგმენტისთვის, განსაკუთრებით ეს ახალგაზრდებს ეხებათ“, - ამბობს მეცნიერი.

ალკოჰოლის მოხმარება და მასთან დაკავშირებული დაავადებები ტრადიციულად, მიიჩნეოდა მამაკაცის ფენომენად, მაგრამ ჩატარებულმა კვლევამ ეს ტრადიცია ეჭვქვეშ დააყენა.

იხილეთ ვიდეო PALITRATV-ზე