ილია წულაია - საპოლიციო გამოსახლების აკრძალვა ყველაზე მეტად ბინის გამქირავებლებს აზიანებს

საპოლიციო გამოსახლების აკრძალვა ყველაზე დიდ ზიანს საქართველოს იმ მოქალაქეებს აყენებს, რომლებსაც ბინა ქირით აქვთ გაცემული და მათთვის ეს ერთადერთი შემოსავლის წყაროა , - ამის შესახებ დიდუბის მე-16 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა ილია წულაიამ განაცხადა.

„დგება შემთხვევა, როცა დამქირავებელი თანხას ვერ გიხდით და არც თქვენივე ბინიდან გამოდის, ამ შემთხვევაში შესაძლებლობა არ გაქვთ სწრაფად აღიდგინოთ თქვენი უფლება. ასეთ დროს გრჩებათ ერთადერთი კანონიერი გზა - უნდა შეიტანოთ სარჩელი სასამართლოში და იდავოთ საკუთარ ბინაზე, რომ მასში უკანონოდ სხვა პირი ცხოვრობს. შესაბამისად, გეზღუდებათ უფლება, იცხოვროთ საკუთარ სახლში ან მიაქირავოთ იგი სხვა გადახდისუნარიან პირს. საშუალო სტატისტიკური მონაცემებით, სასამართლოში სამოქალაქო დავა 2-3 წლის განმავლობაში გრძელდება და ამ პერიოდში თქვენს სახლში ცხოვრობს სხვა პირი, რომელიც თანხას არ გიხდით. გარდა იმისა, რომ სასამართლო დავა ჭიანურდება, ასევე მოითხოვს დამატებით ხარჯებსაც, რომ აღარაფერი ვთქვათ უსიამოვნო პროცესებსა და ნერვების შლაზე“, - აცხადებს ილია წულაია.

შეგახსენებთ, რომ 20 ოქტომბერს ტელეკომპანია „პირველის“ სატელევიზიო გადაცემა „ბიზნესკონტაქტთან“ საუბრისას დიდუბის მე-16 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა ილია წულაიამ მოსაზრება გამოთქვა საპოლიციო გამოსახლების გაუქმების თემაზე. მისი თქმით, საპოლიციო გამოსახლების ნორმის დახვეწა აუცილებელია მესაკუთრეთა უფლებების დასაცავად, რათა ზემოთ აღნიშნულ სიტუაციაში მაქსიმალურად იყოს დაცული ბინის მესაკუთრეთა უფლებები. აღნიშნულმა საკითხმა გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა და რიგ შემთხვევებში უარყოფითად შეფასდა.