აჭარაში დასაქმების სააგენტოს საშუალებით 2012 წლიდან დღემდე 21 051 ადამიანი დარეგისტრირდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის დასაქმების სააგენტოს ეწვია. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ზურაბ პატარაძე თანამშრომლებს გაესაუბრა და მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, აჭარის დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ კახიძემ მთავრობის თავმჯდომარეს სტრუქტურის შესახებ ანგარიში წარუდგინა.

დასაქმების სააგენტოში სამუშაოს მაძიებელთათვის შექმნილია კომპიუტერულ მონაცემთა ბაზა, რომელიც საშუალებას იძლევა მოთხოვნილი ვაკანსიის მიხედვით მოიძებნოს შესაბამისი უნარ-ჩვევებისა და კვალიფიკაციის მქონე სამუშაოს მაძიებელი პირი.

მათივე ინფორმაციით, დასაქმების სააგენტო 2011 წლის 13 სექტემბერს შეიქმნა და წარმოადგენს ერთადერთ სახელმწიფო დაწესებულებას რეგიონში, რომელიც აწარმოებს საშუამავლო საქმიანობას დამსაქმებელსა და სამუშაოს მაძიებელს შორის. სააგენტოს მთავარ მიზანს წარმოადგენს დასაქმება და დასაქმების ხელშეწყობა აჭარის რეგიონში. დასაქმების სააგენტოში 2012 წლიდან დღემდე დარეგისტრირდა 21 051 სამუშაოს მაძიებელი. აქედან დასაქმდა 11498 პირი, რომელთაგან უმეტესი ნაწილი გრძელვადიან, ხოლო ნაწილი კი მოკლევადიან სამუშაოზე დასაქმდა.