„არსებობს ეჭვი, რომ სავალუტო ჯიხურებში ფულს ათეთრებენ“

სავალუტო ჯიხურები, რომლებსაც ცოტა მომხმარებელი ჰყავთ, შესაძლოა ფულს ათეთრებდნენ.

ამის შესახებ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენელმა ზურაბ კუკულაძემ ”რადიო პალიტრას” გადაცემაში ”საქმე” ისაუბრა.

როგორც ზურაბ კუკულაძემ ”საქმეში” განაცხადა, ორგანიზაციამ 4-5 წლის წინ დაიწყო ამ საკითხის კვლევა.

”ჩვენ გვქონდა ძალიან სერიოზული ეჭვი, რომ სავალუტო ჯიხურების მიერ ფულის გადახურდავებისას დაწესებული მაღალი საკომისიოების მიღმა სულ სხვა ინტერესი იმალებოდა. ვფიქრობთ, რომ მომხმარებელის შეცდომაში შეყვანა არ არის დიდი ფინანსური ინტერესის მატარებელი ამ ბიზნესის წარმომადგენლებისთვის. ამ სავალუტო ჯიხურებსიმდენად ცოტა მომხმარებელი ჰყავთ, რომ გაცილებით ნაკლები ბრუნვა აქვთ, ვიდრე კეთილსინდისიერად მომუშავე ჯიხურებს. ჩვენ ექსპერიმენტიც ჩავატარეთ და ვნახეთ, რომ ერთ-ერთ ასეთ ჯიხურში დღის განმავლობაში მხოლოდ 2-3 მომხმარებელმა გადაახურდავა ფული. ბუნებრივია, რომ ასეთი რაოდენობის კლიენტებზე მუშაობა მათი ინტერესი არ უნდა იყოს.  ამიტომ ვფიქრობ, რომ საქმე გვაქვს სულ სხვა რაღაცასთან. ჩემი აზრით, ეს არის ფულის გათეთრების ერთ-ერთი კარგი ხერხი. დავუშვათ, ადამიანს აქვს არალეგალურად მოპოვებული ფული და ამის გათეთრება უნდა, შესაძლებელია, რომ დააარსოს ასეთი სავალუტო ჯიხური, მოაწყოს თუნდაც ცუდი პირობებით, მაგრამ იყოს გამჭვირვალე და მომხმარებელს ნებისმიერ ენაზე უთხრან, რომ დაწესებული აქვთ საკომისიო ფულის გადახურდავებისას.  შესაბამისად თუ მე რამდენჯერმე მივალ და დავახურდავებ ასეთ ჯიხურში 100 დოლარს,  ჩემი 100 დოლარის წარმომავლობა კონვერტაციების შედეგად  თანდათან დაიკარგება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სავალუტო ჯიხურში 3 000 ლარამდე თანხის დახურდავება კლიენტის იდენტიფიცირების გარეშეა შესაძლებელი. შესაბამისად, ერთ ჯერზე შეგიძლია 3 000 ლარამდე თანხა "გაათეთრო". მეორე მხარისთვის კი ეს ფული უკვე ლეგალური შემოსავალია და მას არ სჭირდება იმის მტკიცება ვინ იყო მისი კლიენტი, ვინ დაახურდავა მასთან ეს თანხა და ა.შ.  ესეც ერთ-ერთი მეთოდია იმის, თუ როგორ შეიძლება სავალუტო ჯიხურების გამოყენებით არალეგალური ფული გათეთრდეს”, - განაცხადა ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენელმა ზურაბ კუკულაძემ ”რადიო პალიტრას” გადაცემაში ”საქმე”.

მისივე თქმით, სავალუტო ჯიხურებისთვის მხოლოდ მომხმარებლის ინფორმირების თვალსაზრისით რეგულაციების გამკაცრება შედეგს ვერ მოიტანს, შესაბამისად ეროვნული ბანკი მათი საქმიანობით უფრო სიღრმისეულად უნდა დაინტერესდეს.