კომერციული მოსყიდვის ფაქტზე „ჯორჯიან მანგანეზის“ იურისტი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ იურისტი, მირიან ბიჭიკაშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იუწყება, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სანებართვო და სალიცენზიო პირობების დარღვევით სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, რითაც გარემოს მიადგა 350 მილიონ ლარზე მეტი ზიანი, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ბრალდებით პასუხისგებაში მიცემულ იქნა იურიდიული პირი შპს „ჯორჯიან მანგანეზი“.

”აღნიშნულ საქმეზე მიმდინარე სასამართლო განხილვის პროცესში, შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ, დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენისა და გარემოზე მიყენებული ზიანის განსაზღვრის მიზნით, სსიპ „გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტთან“ გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც, საექსპერტო ჯგუფის წევრებთან უშუალო ურთიერთობა დაევალა შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ იურისტს, მირიან ბიჭიკაშვილს. ბრალდებულმა, ექსპერტიზის მიმდინარეობის პროცესში, საექსპერტო დასკვნაში მათთვის სასურველი, ყალბი მონაცემების დაფიქსირების მიზნით, კომერციული მოსყიდვის გზით ექსპერტიზის განმახორციელებელ პირს გადასცა გარკვეული ოდენობის თანხა”, - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

საქმეზე გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით ითვალისწინებს.