კობა გვენეტაძე - სხვა თანაბარ პირობებში გაცვლითი კურსის მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ველოდებით

დღევანდელ დღეს შეიძლება ვთქვათ, რომ სხვა თანაბარ პირობებში გაცვლითი კურსის მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ველოდებით , - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ლარის კურსის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, ეროვნული ბანკი კურსის პროგნოზს არ აკეთებს, სებ-ის ფუნქცია - ეს არის დაბალი და სტაბილური ინფლაციის შენარჩუნება, რამაც გრძელვადიან პერიოდში ლარის სტაბილურობა უნდა განაპირობოს.

"კურსის პროგნოზის გაკეთება იმ შემთხვევაში, როდესაც მცურავი გაცვლითი კურსი გვაქვს, თეორიულადაც კი ძალიან ძნელია. ვფიქრობ, რომ ის ვინც ამას გააკეთებს, ისევე როგორც ნავთობის ფასების პროგნოზირებისას ემართებათ, შეცდება. ჩვენ არ ვაკეთებთ კომენტარებს არც მაშინ, როცა მყარდება კურსი და არც მაშინ, როცა უფასურდება”, - განაცხადა გვენეტაძემ.

მისივე თქმით, გვქონდა ერთჯერადი ფაქტორები, რომლებიც ნამდვილად მოქმედებდნენ და მოახდინეს გავლენა და არსებობდა გარკვეული მოლოდინები, რომლებსაც არ შეიძლება რომ გავლენა არ მოეხდინათ გაცვლით კურსზე.

,,თუ გადავხდავთ მიმდინარე ანგარიშის ბოლო თვეების ტენდენციებს, დინამიკა გაუმჯობესებაზე მეტყველებს - ტურიზმი გაიზარდა 11%-ით, ფულადი გზავნილები 13%-ით არის გაზრდილი. სექტემბერი იყო პირველი თვე ბოლო 2 წლის განმავლობაში, როდესაც ექსპორტი 8%-ით გაიზარდა, ამავე თვეში იმპორტი 2%-ით შემცირდა. ასევე ბოლო პერიოდში დოლარი მყარდებოდა საკმაოდ და გარკვეულწილად პიკსაც მიაღწია გუშინ სხვა ვალუტებთან შედარებით. თუ ყველაფერს ერთად შევხედავთ, დღევანდელ დღეს შეიძლება ვთქვათ, რომ სხვა თანაბარ პირობებში გაცვლითი კურსის მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ველოდებით”, - განაცხადა გვენეტაძემ.