კობა გვენეტაძემ სებ-ის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული სავალუტო ინტერვენციების მიზეზები განმარტა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ სებ-ის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული სავალუტო ინტერვენციების მიზეზები განმარტა.

როგორც კობა გვენეტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეროვნული ბანკის სტრატეგიის მიხედვით, სებ-ს აქვს ზუსტად ის მანდატი, რომ მაშინ როდესაც ფუნდამენტური ფაქტორები და ეროვნული ბანკის რეზერვები ამის საშუალებას იძლევა, განახორციელოს ინტერვენციები და შეამციროს ერთჯერადი ფაქტორებით გამოწვეული დიდი მერყეობები.

გვენეტაძის თქმით, იყო რამდენიმე ერთჯერადი ფაქტორი და ამ კონტექსტში სებ-ის პრეზიდენტმა ერთ-ერთად „თიბისისა“ და ბანკი „რესპუბლიკის“ გარიგების ფაქტი დაასახელა.

„ამავე დროს, იყო სხვა ერთჯერადი გარიგებებიც და გარდა ამისა, იყო მოლოდინი არჩევნებისადმი. გარკვეულწილად არჩევნები ქვეყნის ეკონომიკისათვის ერთჯერადი შოკია. აქედან გამომდინარე, ეროვნულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება ეს ინტერვენციები განეხორციელებინა. გარდა ამისა, ეს პირველად არ მომხდარა, ძალიან ხშირად გაკეთებულა ასეთი რამე. მე გადავხედე სტატისტიკას - 2010 წელს, 2011 წელს, 2012 წელს, 2013 წელს ზუსტად ერთჯერადი ფაქტორებით გამოწვეული ასეთი მკვეთრი ნახტომისებური ცვლილებების შესარბილებლად ეროვნულმა ბანკმა განახორციელა ინტერვენციები და ზუსტად ასეთ მოვლენებთან გვქონდა საქმე ამ ბოლო პერიოდში“, - განაცხადა გვენეტაძემ.

მისივე თქმით, თუ მომავალშიც იქნება ამის საჭიროება, ეროვნული ბანკი ინტერვენციებს განახორციელებს.

„იმ შემთხვევაში თუ ფუნდამენტურმა ფაქტორებმა მოგვცა ამის საშუალება და თუ იქნება ამის საჭიროება, რა თქმა უნდა, განვახორციელებ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ნებისმიერ მომენტში, როდესაც კურსის მერყეობა იქნება, ჩვენ ამას გავაკეთებთ. ანუ ეს ადრეც მომხდარა, ეს ახლაც გაკეთდა და მომავალშიც შესაძლებელია, რომ მოხდეს“, - განაცხადა გვენეტაძემ.