კობა გვენეტაძე მიიჩნევს, რომ „თიბისი ბანკის“ მიერ „რესპუბლიკის“ შეძენა საბანკო სექტორში კონკურენტულობის შემცირების მიზეზი არ იქნება

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მიიჩნევს, რომ „თიბისი ბანკის“ მიერ ბანკი „რესპუბლიკის“ შეძენა ქართულ საბანკო სექტორში კონკურენტულობის შემცირების მიზეზი არ იქნება.

როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, საქართველოს საბანკო სექტორში უკვე არსებობდა ორი მსხვილი ბანკი მანამდეც, ვიდრე ეს გარიგება მოხდებოდა და არსებობდა ძალიან მძაფრი კონკურენცია.

„ეს გარიგება განხორციელდა და წლის ბოლომდე საბოლოოდ დადასტურდება. იყო რამდენიმე შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, ხომ არ მოხდენს გავლენას ეს გარიგება კონკურენციაზე საქართველოს საბანკო სექტორში. ჩვენი ქვეყნის საბანკო სექტორში უკვე არსებობდა ორი მსხვილი ბანკი მანამდეც, ვიდრე ეს გარიგება მოხდებოდა და არსებობდა ძალიან მძაფრი კონკურენცია. ხშირად ხდებოდა ის, რომ მძაფრი კონკურენციის პირობებში, რისკიანი გადაწყვეტილებების მიღებაც ხდებოდა. ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება სინერგიისა და ეფექტურობის ზრდის საფუძველზე ნამდვილად კარგი იქნება საბანკო სექტორისთვის და არამც და არამც არ იქნება კონკურენტულობის შემცირების მიზეზი ქართულ საბანკო სექტორში“, - განაცხადა გვენეტაძემ.