ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა იწყება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ბათუმის შემოვლითი გზის 14-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობას იწყებს. ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი იუწყება, უწყების პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამშენებლო სამუშაოებისთვის ტენდერი გამოცხადდა და წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადა 2016 წლის 19 დეკემბერია.

პროექტს, ერთობლივად აზიის განვითარების ბანკი (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) აფინანსებენ. პროექტის ფარგლებში აშენდება 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, 4 სატრანსპორტო კვანძი, 5 გვირაბი და 57 წყალგამტარი მილი.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალი შემოვლითი გზა მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს გაივლის.

”ამჟამად არსებული გზა გადის ტურისტულ და საცხოვრებელ ზონაში, რაც პრობლემას უქმნის საერთაშორისო სატრანზიტო ტრანსპორტის მიმოსვლას. ბათუმის შემოვლითი გზა, ქობულეთის შემოვლით გზასთან ერთად სრულად განტვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში, რაც ხელს შეუწყობს სატრანზიტო ტვირთბრუნვის გაზრდას. აღნიშნული მონაკვეთი, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივის, 4 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულების - ქვეყნის სივრცითი განვითარების ნაწილია”, - აცხადებენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

ბათუმის შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოების ვადა 2017-2020 წლებია.