სამტრედია-გრიგოლეთის მესამე მონაკვეთის მშენებლობა იწყება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, E60 ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის გზის მესამე მონაკვეთის მშენებლობას იწყებს.

როგორც გზების ადმინისტრაცია იუწყება, მშენებლობისთვის საერთაშორისო ტენდერში მონაწილეობის მისაღებად მოწვევა უკვე გამოცხადდა.

”სამტრედია-გრიგოლეთის გზის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის (ლოტი 3) მშენებლობას ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს. პროექტი 4 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 6 სახიდე გადასასვლელის, 2 სატრანსპორტო კვანძის, საქონლისა და საველე გასასვლელების მშენებლობას ითვალისიწინებს. გზის აღნიშნული მონაკვეთი გურიის რეგიონში ქ. ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებს გაივლის.

სამტრედია-გრიგოლეთის გზა (სულ 52 კმ-იანი მონაკვეთისაგან შედგება) ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზის 42-ე კმ-ზე, მდ. ოჩოფასთან იწყება და გრიგოლეთის ტერიტორიაზე, მდინარე სუფსასთან მთავრდება. აღნიშნული გზის ჩქაროსნულ მაგისტრალად მოდერნიზების პროექტი 4 მონაკვეთად (ლოტად) ხორციელდება. პირველ, მეორე და მეოთხე მონაკვეთზე სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

პროექტის მიზანია, ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მაღალი ინტენსივობის საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე მზარდი სატრანსპორტო ნაკადების გამტარუნარიანობის, ავტომობილების უსაფრთხო გადაადგილებისა და შეუფერხებელი სატრანზიტო მიმოსვლის უზრუნველყოფა.

აღნიშნული მონაკვეთი, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივის, 4 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულების - ქვეყნის სივრცითი განვითარების ნაწილია”, - ნათქვამია გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

მათივე ცნობით, პროექტის განხორციელების ვადები 2016-2018 წლებია.