საქართველოში არ არსებობს არანაირი სტატისტიკა, რომელიც უსახლკარო ადამიანებს აღრიცხავდა

დღეს არ არსებობს უსახლკარობის სტრატეგია, ასევე სამოქმედო გეგმა, საქართველოში არ არსებობს არანაირი სტატისტიკა, რომელიც ამ უსახლკარო ადამიანებს აღრიცხავდა, ასევე აღრიცხავდა მათ საჭიროებებსა და უფლებრივ მდგომარეობებს , - ამის შესახებ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მიერ ჩატარებულ კვლევაშია საუბარი, რომელიც უსახლკაროთა პრობლემებს და მათ გამოწვევებს ეხება. კვლევა სახელწოდებით „უსახლკარობა - სახელმწიფო პოლიტიკის კრიტიკა“ არასამთავრობო ორგანიზაციამ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს გააცნო.

როგორც კვლევის ავტორმა თათული ჭუბაბრიამ განაცხადა, უსახლკარობა და სათანადო საცხოვრისის არქონა საქართველოში მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს, თუმცა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სივრცეებში ეს საკითხი არასათანადოდ არის აღიარებული.

მისივე თქმით, უსახლკარობის პრობლემის სიმწვავის მიუხედავად, არ ხდება ამ გამოწვევის წინაშე მდგარ პირთა საჭიროებების, ასევე უსახლკარობისა თუ სათანადო საცხოვრისის არქონის ფორმების და გამომწვევი მიზეზების შესწავლა.

კვლევის ავტორის განცხადებით, უსახლკარობის პრობლემის ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევა არის კოორდინაციის არარსებობა სახელმწიფო უწყებებს შორის.

“სახელმწიფოს დღეს არ გააჩნია კოორდინაციის მექანიზმები ადგილობრივ და ცენტრალურ დონეზე პოლიტიკის წარსამართავად. ასევე ცენტრალური ხელისუფლება სათანადო დონით არ აწარმოებს იმ პოლიტიკას, რომლის მეშვეობითაც ადგილობრივ დონეზე მუნიციპალიტეტებს შეეძლებოდათ პრობლემების აღმოფხვრა და სამოქმედო გეგმის შესრულება. ამიტომ, ის, რომ დღეს გარკვეული ვალდებულებები ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს აკისრიათ, არ წყვეტს პრობლემას, რადგანაც არ არსებობს საერთო გეგმა. მწვავე საკითხებს შორის არის ასევე ინტეგრული ხედვის არ არსებობა უსახლკარობის პოლიტიკის სხვა პოლიტიკასთან, როგორიცაა დასაქმება, ჯანდაცვა, თუნდაც ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ წარმოებული პოლიტიკა. ასევე დამატებით პრობლემა არის დისკრიმინაციული მიდგომა, რომლის მიხედვითაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და ნარკოდამოკიდებულ პირებს, თავშესაფრებით სარგებლობა არ შეუძლიათ“, - განაცხადა თათული ჭუბაბრიამ.

კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ ეროვნული კანონმდებლობა ვიწროდ განმარტავს საცხოვრისის უფლების შინაარსსა და მას უსახლკაროთა თავშესაფრით უზრუნველყოფას უკავშირებს. ამასთან, უსახლკარო პირის ცნების ბუნდოვანება ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა უსახლკარობის სხვადასხვა გამოვლინების ამ ცნებაში მოქცევასთან დაკავშირებით, რამაც შესაძლოა საცხოვრისის საჭიროების მქონე არაერთი ჯგუფი ცნების მოქმედებით არეალის მიღმა დატოვოს.

კვლევაში „უსახლკარობა სახელმწიფო პოლიტიკის კრიტიკა“ წარმოდგენილია შესაბამისი რეკომენდაციები სახელმწიფოს მიერ უსახლკარობის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკის კონკრეტული მიმართულებების შექმნის, გაძლიერების და გაუმჯობესების მიზნით. კვლევას ესწრებიან თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, ასევე წარმომადგენლები ჯანდაცვის სამინისტროდან.