სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების რეგისტრაციისთვის საჯარო რეესტრში განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა 2017 წლის 30 ივნისია

ქონების ეროვნულმა სააგენტომ, მიწის აზომვითი ნახაზის მომზადების საფასურის ანაზღაურების პროექტის ფარგლებში 1-ელი აგვისტოდან დღემდე საქართველოს მასშტაბით 124 ამზომველ კომპანიას 1200 მიწის ნაკვეთის აზომვის საფასური, ჯამში 85 000 ლარი აუნაზღაურა

, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ეკატერინე სისაურმა განაცხადა.

სისაური ამზომველი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. მისი თქმით, 1 აგვისტოდან მიწის რეგისტრაციის გამარტივების კანონის ამოქმედების შემდეგ მნიშვნელოვანი შედეგებია მიღწეული.

”ჯამში 100-ზე მეტი ამზომველია აღნიშნულ პროექტში ჩართული და 1200-ზე მეტი აზომვითი ნახაზის დაფინანსება უკვე განხორციელდა. აღნიშნული პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. დღევანდელ შეხვედრაზე განხილული იქნება სამი თვის სტატისტიკური შედეგები რეგიონების მიხედვით და რაიონებში გაწეული მუშაობა იქნება გაანალიზებული. ზოგადად პროექტი მიმდინარეობს წარმატებით. რიგში არის ძალიან ბევრი განაცხადი, რომელიც ელოდება და შესაბამისი განაცხადის რეგისტრაციის შემდეგ დაექვემდებარება უკვე სუბსიდირებას. დღეის მდგომარეობით, ძალიან კარგი შედეგები გვაქვს”, - განაცხადა სისაურმა.

პროექტის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების რეგისტრაციისთვის საჯარო რეესტრში განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 30 ივნისი.