საშემოდგომო გამწვანების მასშტაბური სამუშაოები დაიწყო

დედაქალაქში საშემოდგომო გამწვანების მასშტაბური სამუშაოები დაიწყო. თბილისის მერიის ინფორმაციით, სანაპიროების ჭადრებით განაშენიანების პროექტის ფარგლებში მარცხენა სანაპიროზე, 3-3,5 მეტრი სიმაღლის 20 ძირი აღმოსავლური ჭადარი დაირგო. მიმდინარე სეზონზე, მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე სულ 200 ძირი ჭადარი დაირგვება. თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილმა ხე-მცენარეები ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსთან, ნინო სულხანიშვილთან და ჩუღურეთის რაიონის გამგებელთან, ზურაბ ჩიკვილაძესთან ერთად დარგო.

„საშემოდგომო რგვების სეზონი აქტიურ ფაზაში შედის. დღეს ამ კონკრეტულ ლოკაციაზე დავრგეთ დიდი ზომის აღმოსავლური ჭადრები. ამასთან, მტკვრის ორივე სანაპიროზე გამხმარი ჭადრები, ერთი კვირის განმავლობაში, 200 ცალი 3 მეტრიანი ახალი ნერგებით ჩანაცვლდება. სეზონის განმავლობაში კი ქალაქის შემოსასვლელები და შიდა ტერიტორიები 80 000 ფოთლოვანი და წიწვოვანი ნერგით გამწვანდება, რაც ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გიგა ნიკოლეიშვილმა.

ქალაქის შემოგარენი და ცენტრალური უბნები, შემოდგომაზე, 80 000 ნერგით განაშენიანდება. 50 000 ხე-მცენარე მახათას მთაზე და თბილისის ზღვის გარშემო, ხოლო 30 000-მდე ნერგი სკვერებში, გამზირებზე და საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ დაირგვება. დასარგავი ხე-მცენარეების სიმაღლე 1,5-3,5 მეტრი სიმაღლის ფარგლებში მერყეობს. მათ შორის, 5000 ნერგის სიმაღლე 2,5-3,5 მეტრია. საშემოდგომო გამწვანების პროცესი დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.

სპეციალისტების რეკომენდაციით საშემოდგომო გამწვანებისთვის შერჩეულ სახეობებს შორისაა თეთრი აკაციის, მინდვრის ნეკერჩხლის, იფანის, აღმოსავლური ჭადრის, ზეთისხილის, ჰიმალაის კედარის, კიპარისის, ნუშისა და ვერხვის ნერგები.

დარგული ხე-მცენარეების მოვლა-პატრონობას კონტრაქტორი კომპანიები 4 წლის ვადით უზრუნველყოფენ.