წყნეთში სოციალურად დაუცველ ოჯახებს შეშა დაურიგდათ

თბილისს შემოერთებულ ტერიტორიებზე სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის შეშის დარიგება გრძელდება. როგორც თბილისის მერიის პრესსამსახური იუწყება, დღეს, წყნეთის სოციალურად დაუცველ მოსახლეობას შეშა ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილემ გიორგი ბირბიჩაძემ მიუტანა. შეშა რვა სოციალურად დაუცველმა ოჯახმა მიიღო.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ცნობით, უხვი ნალექისა და ტემპერატურის ვარდნასთან დაკავშირებით, შეშით უკვე დაკმაყოფილდა კოჯრის სოციალურად დაუცველი რამდენიმე ოჯახი.

”უახლოეს დღეებში, მოთხოვნის შესაბამისად, შეშას კოჯრის, კიკეთის და დიდება-სამადლოს ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა სოციალურად დაუცველი ოჯახი მიიღებს. აღნიშნულ დასახლებებში შეშით სულ 160 სოციალურად დაუცველი ოჯახი დაკმაყოფილდება”, - აცხადებენ თბილისის მერიაში.

თბილისის მერის დავით ნარმანიას დავალებით, შეშა ეტაპობრივად თბილისის სხვადასხვა რაიონებში მცხოვრებ სოციალურად დაუცველებსაც მიეწოდებათ.