თბილისს აბრეშუმის გზის საერთაშორისო ვაჭრობის პალატის დელეგაცია ეწვია

თბილისს საქმიანი ვიზიტით აბრეშუმის გზის საერთაშორისო ვაჭრობის პალატის (SRCIC) დელეგაცია ეწვია.

დელეგაციის წევრებს შორის არიან: პალატის თავმჯდომარე ლუ იანზონგი, გენერალური მდივანი ლი ჯონჯანი და სხვა ხელმძღვანელი პირები. მათი მასპინძელი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაა.

როგორც "ბიზნესპრესნიუსს" საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან აცნობეს, საქმიანი ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია ჩინეთის ელჩს და საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელს დავით საგანელიძეს შეხვდა.

”აბრეშუმის გზის საერთაშორისო პალატა 2015 წლის დეკემბერში ჰონგ-კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონში, საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC), მსოფლიო პალატების ფედერაციის (WCF) და აბრეშუმის გზის ქვეყნების სავაჭრო პალატების მიერ დაფუძნდა. მასში გაერთიანებულნი არიან 36 ქვეყნის უმსხვილესი კომპანიები. საჯაროობის, ინკლუზიურობის, განვითარებისა და გლობალიზაციის კონცეფციიის გათვალისწინებით, SRCIC-ში შეიქმნა თანასწორი, ეფექტური და პრაგმატული თანამშრომლობის მექანიზმი და სერვისის პლატფორმა. იგი ფოკუსირებულია “ერთი სარტყელი და ერთი გზა” სტრატეგიასა და წევრი კომპანიების საჭიროებებზე. ქმნის საერთაშორისო და შიდა ეკონომიკისა და სავაჭრო თანამშრომლობის ახალ მოდელსა და ახალ პლატფორმას. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა SRCIC-ს წევრი 2016 წლის აპრილში გახდა, როდესაც თბილისს საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატის თავმჯდომარე ლიუ იანზონგი პირველად ეწვია. 2016 წლის 5 აპრილს ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს ორ პალატას შორის. ამასთანავე, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი არჩეულ იქნა საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატის ვიცე-პრეზიდენტად”, - აცხადებენ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში.