როგორ აღწევს ფინეთი განათლების სფეროში წარმატებას ნაკლებ დროში მიღებული ცოდნით

როგორ ახერხებენ ფინელი ახალგაზრდები, რომ სკოლაში ცოტა დროს ატარებენ, სახლში ნაკლები დავალება აქვთ და მაინც მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო შედეგს აღწევენ?

ეს კითხვა დიდი ხანია აწუხებთ იმ იდეოლოგიის მიმდევრებს, რომლებიც თვლიან, რომ ბავშვებმა მაქსიმალურად მეტი უნდა იმეცადინონ სკოლასა თუ სახლში.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში (OECD) ამბობენ, რომ მართლაც საოცარია თუ როგორ ახერხებენ ასეთი წარმატების მიღწევას ფინელი ახალგაზრდები, რომლებიც ორგანიზაციის სხვა წევრი ქვეყნების (OECD 35 ქვეყანას აერთიანებს) მოსწავლეებთან შედარებით, ყველაზე ნაკლებ დროს ატარებენ სკოლებში.

ფინეთში საზაფხულო არდადეგები უფრო ხანგრძლივია, ვიდრე სხვა ქვეყნებში. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში მოსწავლეები შუა ივლისამდე სწავლობენ, ფინეთში დასვენება 10-11 კვირა გრძელდება. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ფინელი ბავშვები სკოლაში სწავლას 7 წლის ასაკში იწყებენ. შედეგად, Programme for International Student Assessment-ის შეფასებით, ფინეთი კითხვის დონის მაჩვენებლით მე-6 ადგილზეა, დიდი ბრიტანეთი - კი 23-ზე. მათემატიკის რეიტინგში ფინეთი მე-12 პოზიციას იკავებს, დიდი ბრიტანეთი - 26-ს.

„ბიბისი“ ფინეთის საგანმანათლებლო სისტემის რამდენიმე მნიშვნელოვან პუნქტს ავრცელებს:

მასწავლებლების პატივისცემა

ფინელი მასწავლებლების განცხადებით, მთავარი მარეგულირებელი არის ნდობა. მშობლები ენდობიან სკოლას, რომ ის მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და ბავშვებს სკოლაში ყოფნის პერიოდში საკმარის განათლებას მიაწვდის. ნდობის გარანტი მასწავლებლების მაღალი პროფესიონალიზმია. ფინეთში მასწავლებლობა ძალიან პრესტიჟულია.

გრძელვადიანი დაგეგმარება

ფინეთში ცვლილებები საგანმანათლებლო სისტემაში 1970-იან წლებში დაიწყო. სისტემა კვლავაც იმ მიმართულებით მუშაობს, რაც მაშინ დაიწყო. შედარებისთვის, დიდ ბრიტანეთში მუდმივად იცვლება განათლების სისტემის მიდგომები და მეთოდოლოგია.

საშინაო დავალებები

ეს არის ყველაზე რთული კითხვა, რომელსაც ბევრი მომხრე და მოწინააღმდეგე ჰყავს. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის საგანმანათლებლო საკითხების დირექტორი ანდრეას შლეიჩერი ამბობს, რომ სწავლაში გატარებული ყოველი დამატებითი საათი წარმატების გარანტია. ფინეთში კი საწინააღმდეგოს ამბობენ: ნაკლებ დროში მიღებული განათლება მეტ წარმატებას მოგიტანთ. ეს არის ხარისხისა და რაოდენობის ბალანსის საკითხი.