შრომის ინსპექციის შექმნის მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია მიმდინარეობს

ეფექტური და ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნის მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია იმართება.

აქციის ორგანიზატორია ”ადამიანის უფლებებისა და კვლევების მონიტორინგის ცენტრი”. საქართველოს პროფკავშირებთან ერთად აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ საქართველოში არსებული სტატისტიკა შრომითი უსაფრთხოების კუთხით შემაშფოთებელია და განსაკუთრებით მაღალია დაშავებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი. აქციის მონაწილეთა თქმით, სტატისტიკა აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ დასახვეწია და მისაღებია ეფექტური და ქმედითი შრომის ინსპექტირება.

”სახალხო დამცველი არაერთი წელია, რაც საუბრობს შრომითი ინსპექტირების საჭიროებებზე. ჯერ კიდევ 2013 წელს რეკომენდაციით მიმართა მან საქართველოს მთავრობას, ასევე ყოველწლიურ ანგარიშებში არის რეკომენდაციები, რათა შეიქმნას შრომითი ინსპექცია. დღეს ხედავთ, რომ საგანგაშო მაჩვენებლები გვაქვს, როდესაც დასაქმებული პირები სამუშაო ადგილებზე სხეულის დაზიანებებს იღებენ ან იღუპებიან, საჭიროა სახელმწიფომ შექმნას მექანიზმი, რომელიც შედეგის დადგომამდე გააკონტროლებს შრომის უსაფრთხოებას”, - განაცხადა სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელმა თათული თოდუამ.

აქციის მონაწილეებს მიტანილი აქვთ ბანერები, სადაც მოითხოვენ, რომ „შეიქმნას ეფექტური და ქმედითი შრომითი ინსპექტირება, ასევე აპროტესტებენ დერეგულაციის პოლიტიკას, რომელიც სპობს მშრომელების სიცოცხლეს“.