"საფინანსო კომპანია საქართველო" ორ თვეზე მეტია მეანაბრეებს კუთვნილ პროცენტს არ უხდის

”საფინანსო კომპანია საქართველოსთან” შეკრებილი 20-მდე მეანაბრე კუთვნილი თანხების დაბრუნებას ითხოვს.

როგორც მათ „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადეს, ორი თვეა კომპანიისგან კუთვნილი პროცენტი არ მიუღიათ. მათი ინფორმაციით, საფინანსო კომპანიას 30 მილიონ დოლარზე მეტი თანხა აქვს მეანაბრეებისგან მიღებული. კომპანიის კლიენტები ამბობენ, რომ უმეტესობას საფინანსო კომპანიაში ანაბარის სახით 5-დან 18 ათას დოლარამდე თანხა აქვს შეტანილი. ამგვარ პირობებში მეანაბრეების ნაწილი კუთვნილი თანხის მთლიანად დაბრუნებას ითხოვს.

”საფინანსო კომპანია საქართველოს” მთავარ ოფისთან კომპანიის წარმომადგენლები არ გამოსულან, ოფისის მინებიან შენობაზე ჟალუზებია ჩამოფარებული, დაცვის თანამშრომლის თქმით კი ხელმძღვანელი პირები ადგილზე არ იმყოფებიან, შენობაში კლიენტებს კი მორიგეობით უშვებენ. ერთ-ერთი მეანაბრის განცხადებით, კომპანიის წარმომადგენელი მერაბ ფერაძე მათ გასულ პარასკევს შეხვდა, სიები შეადგინა და ფულის დაბრუნებას დაპირდა. თუმცა კომპანიის კლიენტების თქმით, ამგვარი ვითარება უკვე ორი თვეა გრძელდება.”საფინანსო კომპანია საქართველოს” კლიენტები აცხადებენ, რომ კომპანიის წარმომადგენლებს ტელეფონი გამორთული აქვთ ან მათ ზარებს არ პასუხობენ.

ერთ-ერთი მომხმარებელის განცხადებით, ”საფინანსო კომპანია საქართველოს” მფლობელებს ეროვნულმა ბანკმა 4 მილიონის ღირებული ქონება დაუყადაღა ლაგოდეხში, თუმცა კომპანიის დაცვის თანამშრომელი ამ ფაქტს უარყოფს და ამბობს, რომ ”საფინანსო კომპანია საქართველომ” ეროვნული ბანკისგან რამდენიმე დღის წინ ლიცენზია მიიღო".

მისივე თქმით, როგორც ლიცენზიაშია გაწერილი, მომხმარებლებს, რომლებსაც 5 000 დოლარამდე თანხა აქვთ კომპანიაში შეტანილი, ხელშეკრულება 3 თვით გაუგრძელდებათ, 10 000 დოლარამდე თანხაზე ხელშეკრულება ოთხ თვემდე გრძელდება.

კომპანიასთან შეკრებილი მომხმარებლების განცხადებით კი, ვადის გახანგრძლივება კიდევ ერთი სატყუარაა ხალხის გასაჩერებლად.

„საფინანსო კომპანია საქართველო“ ფინანსურ ბაზაზე 2008 წლიდან ფუნქციონირებს. კომპანიის ძირითადი საქმიანობა სესხის აღება, გაცემა და სალომბარდე მომსახურებაა.