ბატონის ციხის რეაბილიტაცია დასრულდა

ერეკლე მეორის სასახლის რესტავრაცია დასრულებულია. როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან იუწყებიან, განახლებულ ბატონის ციხეს, ხვალ, 29 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი გახსნის.

გახსნის ცერემონიას დაესწრებიან: კულტურისა დაძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია დარჩიაშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი ჯუანშერ ბურჭულაძე, კახეთის რეგიონის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, თელავის მერი პლატონ კალმახელიძე, ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე და სხვა ოფიციალური პირები.

სამინისტროს ინფორმაციით, ერეკლე მეორის სასახლის რეაბილიტაცია რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.

”სასახლის რესტავრაცია ავთენტურობის სრული დაცვით ჩატარდა. არსებული პროექტი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან შეთანხმებით მომზადდა”, - განმარტავენ სამინისტროში.