ცხოველთა გამოკვლევა თურქულის დაავადებაზე განახევრებული ტარიფითაა შესაძლებელი

სოფლის მეურნეობის სამინისტროში ცოცხალი პირუტყვის ექსპორტის ხელშემწყობ ღონისძიებებზე მუშაობენ. როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროდან იუწყებიან, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში ცხოველთა გამოკვლევა თურქულის დაავადებაზე (NSP ტესტი Elaisa მეთოდით) განახევრებული ტარიფითაა შესაძლებელი, რაც ცოცხალი პირუტყვის, მათ შორის, ცხვრის საექსპორტო ხარჯებს ამცირებს და ექსპორტის ზრდას უწყობს ხელს.

სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ტარიფის განახევრება ლაბორატორიული კვლევის მეთოდის ოპტიმიზაციის საფუძველზე მოხდა. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში მსგავსი სახის ცვლილებები პერმანენტულად მიმდინარეობს და მიზნად ფერმერული მეურნეობების განვითარების ხელშეწყობას ისახავს.

მეთოდის ოპტიმიზაცია მიმდინარეობს როგორც ცხოველთა დაავადებების კვლევის მიმართულებით, ასევე სურსათისა და მცენარეთა დაავადებების დიაგნოსტიკის ლაბორატორიებში.

„კვლევის მეთოდის ოპტიმიზაცია საერთაშორისო სტანდარტების დაცვით განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში ყველა სამუშაო პროცედურა სტანდარტიზირებულია. ლაბორატორია ფლობს ხარისხის მართვის სერტიფიკატს და მინიჭებული აქვს საერთაშორისო აკრედიტაცია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.