ოქტომბერში საქართველოში ტურისტთა რაოდენობა 20,9% -ით გაიზარდა

ოქტომბერში საქართველოში ტურისტთა რაოდენობა 20,9% -ით გაიზარდა , - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოს 527 157 საერთაშრისო მოგზაური ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22, 689 -ით მეტია (ზრდა 4.5%-ია)

როგორც ჩოგოვაძემ აღნიშნა, იმ უცხოელი მოგზაურების რიცხვი, რომლებმაც 24 საათზე მეტი დაჰყვეს საქართველოში, 215,620-ს შედგენს, რაც 37, 215- ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე (ზრდა 20.9%).

მისივე ინფორმაციით, საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან შემოვიდა. ჩოგოვაძის განცხადებით, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ ბულგარეთი, პოლონეთი, ლიტვა, ლატვია და გერმანია.

გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა ირანიდან, ეგვიპტიდან, ინდოეთიდან და ისრაელიდან.

გარდა ამისა, როგორც ჩოგოვაძემ აღნიშნა, საერთაშორისო მოგზაურების ზრდა დაფიქსირდა 10 თვის მონაცემებითაც. კერძოდ, საერთაშორისო მოგზაურების ჯამურმა რაოდენობამ 5 406 188 შეადგინა, რაც 407 379-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (ზრდა 8.1%).

მისივე თქმით, ამავე პერიოდში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 2 372 351 შეადგინა, რაც 389 626-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მონაცემზე (ზრდა 19.7%).

როგორც ჩოგოვაძემ აღნიშნა, 2016 წლის ორი კვარტლის მონაცემებით, შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში 867.9 მილიონ დოლარს შეადგენს (ზრდა 13.2%), რაც 101 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.