114-მდე შეჩერებული მშენებლობა, რომელთა მომავალიც გაურკვეველია

ფინანსური კრიზისისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, თბილისში ბევრი მშენებლობა შეჩერედა.

2008 წელს დაწყებულ სამშენებლო კრიზისს ბევრი მიზეზი ჰქონდა. საომარი მოქმედებების დროს შექმნილი ფინანსური პრობლემები, რის გამოც კლიენტებმა სამშენებლო კომპანიებშში ფულის შეტანა ვეღარ შეძლეს, ბანკებმა სესხების გაცემა შეაჩერეს, გაიზარდა საბანკო სესხების პროცენტიც, ინვესტორებმა ნაკისრი ვალდებულებები ვერ ან არ შეასრულეს, რის გამოც ფინანსური ვალდებულებები წარმოექმნათ სახელმწიფოს წინაშე - ამ და სხვა პრობლემების გამო თბილისში მშენებლობების ნაწილი შეჩერდა. ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ინფორაციით, ამჟამად დედაქალაქში 114-მდე შეჩერებული მშენებლობაა.

როგორც მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ირაკლი როსტომაშვილი ამბობს, 2008 წლის შემდეგ რამდენიმე მშენებლობა განახლდა და დასრულდა, ამ ეტაპზე კი ქალაქში 100-ზე მეტი ობიექტია მიტოვებული, რომელზეც კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ არის მიღებული.

”მიტოვებული მშენებლობის უკან, როგორც წესი რამდენიმე დაპირისპირებული მხარე დგას. ხშირ შემთხვევაში ამ პროცესის მიღმა დგას მოსახლეობა, რომელიც ამ ტერიტორიაზე ცხოვრობდა, მენაშენემ გაიყვანა დროებით ქირით, სახლის აშენებას დაპირდა, მაგრამ პროცესი ბოლომდე ვერ მიიყვანა. არის შემთხვევები, როცა მოსახლეობა ფული აქვს შეტანი მიმდინარე მშენებლობაში და წლებია მის დასრულებას ელოდება. ისეთი შემთხვევებიც გვხვდება, როცა სამშენებლო კომპანიას სამუშაოების ნაწილი შესრულებული აქვს, მაგრამ დამკვეთს თანხა არ აქვს გადახდილი და არიან კიდევ მოდავო მხარეები, რომლებსაც სასამართლოში აქვთ შეტანილი სარჩელი, რის გამოც მშენებლობას ყადაღა ადევს. ინვესტორები არიან, მაგრამ შეჩერებული მშენებლობები მათთვის შემაფერხებელი ფაქტორია. ინვესტორი, ფულს დებს კონკრეტულ პროექტში იმ მიზნით, რომ მეტი ფული მიიღოს. თუ ის ხედავს, რომ პროექტში ფულის ჩადება არ შეიძლება, რადგან ყადაღა ადვეს ან სასამართლო 3 წელი გრძელდება, ან მოსახლეობა ვერ რიგდება, ასეთ ვითარებაში ერთ თეთრსაც არ გადაიხდის”, - ამბობს ირაკლი როსტომაშვილი.

მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელის შეფასებით, ყველა ამ მშენებლობას ცალ-ცალკე შესწავლა სჭირდება. ირაკლი როსტომაშვილის განცხადებით, ამ საკითხზე საუბარი აუცილებელია.

”ამ საკითხზე მერიაში მქონდა შეხვედრა, მაშინ ვიცე მერი გრიგოლ ლილუაშვილი იყო, ის ძალიან დაინტერესებული იყო ამ თემით და რაღაცებს ვგეგმავდით, მაგრამ მან პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტა და ახლა პარლამენტის წევრია. მას შემდეგ ამ სფეროთი არავინ დაინტერესებულა. ვფიქრობ, უნდა შეიქმნას ანაზღაურებადი საკონსულტაციო საბჭო, რომელიც ნორმალურ ვადაში ამ შენობების შესახებ დასკვნას დადებს. შეიძლება სპეციალისტმა თქვას, რომ ამ მშენებლობას არაფერი ეშველება. რაღაც ობიექტზე შეიძლება ითქვას, რომ ორი სართული დავამატოთ და მინიმალურ ფასად გავყიდოთ, რათა შემოსულმა თანხამ მშენებლობის დასრულების საშუალება მოგვცეს. რაღაც ობიექტს დღგ-სგან გათავისუფლებამ შეიძლება უშველოს. ამიტომ ყველას ცალ-ცალკე მიდგომა სჭირდება. ეს პროცესი მოსახლეობასთან შეთანხმებით განხორციელდება. ინტესიური საუბრითა და გამოსავალის პოვნით უნდა გადაწყდეს ამ შეჩერებული მშნებლობების ბედი”, - განცხადა ირაკლი როსტომაშვილმა.

მისივე თქმით, შეჩერებული მშენებლობების შესწავლა დღესვე რომ დაიწყოს, შედეგი ერთ წელიწადში გამოჩნდება.

”შესწავლას თუ დავიწყდებთ 2-3 თვის შემდეგ უკვე დასკვნებიც დაიდება და შესაბამისად, პროცედურაც დაიწყება. ამას თუ ჩვენ დღეს დავიწყებთ, ერთ წელიწადში რაღაც შედეგი გვექნება”, - ამბობს ირაკლი როსტომაშვილი.

"მშენებლობა ახალი ტექნოლოგიებით" დირექტორის, ანზორ საკანდელიძის შეფასებით, შეჩერებული მშენებლობების თვალსაზრისით თბილისში კატასტროფიული მდგომარეობაა.

”ყველა ეს მშენებლობა წინასწარი საკონსერვაციო სამუშაოების გარეშეა შეჩერებული. ისინი ამ წლების მანძილზე ატმოსფერული ნალექების გავლენით დაზიანებას განიცდიან. გაყინვა-გალღობის შედეგად ჩნდება ბზარები, ბზარებში დგება წყალი, გაყინვის დროს წყალი ფართოვდება და ეს ბზარებიც ნელ-ნელა ფართოვდება. არმატურის გამოჩენის შემდეგ წყალი აქაც შეაღწევს, გაიხსნება რკინა-ბეტონის დამცველი შრე, შემდეგ იწყება არმატურის კოროზია, ამის შეჩერება კი ძალიან რთულია. ამიტომ ყველა ეს შეჩერებული ობიექტი აუცილებლად უნდა შემოწმდეს. უნდა გაირკვეს ეს შენობები უძლებს თუ არა იმ დატვირთვას რაზეც გაანგარიშებულია, განსაკუთრებით კი იმ საპროექტო სეისმომდგრადობას, რომელიც თბილისის შემთხვევაში 8 ბალზე უნდა იყოს გათვლილი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეჩერებული მშენებლობები 8-ბალიან მიწისძვრას ვერ გაუძლებს”, - განაცხადა ანზორ საკანდელიძემ.

მისივე თქმით, შეჩერებულ მშენებლობებზე სამუშაოების პირდაპირ გაგრძელება მერიის ზედამხედველობის სამსახურმა არ უნდა დაუშვას. ანზორ საკანდელიძის აღნიშნავს, რომ საჭიროა წინასწარი გამოკვლევა.

”ფაქტობრივად პროექტი უნდა გადაკეთდეს, შეიძლება ერთი სართული, რომელიც განსაკუთრებით დაზიანებული იქნება მოიხსნას, შეიძლება მთლიანად დემონტაჟი დასჭირდეს. აქ კონსტრუქტორები უნდა ჩაერთონ და სართულ- სართულ შეამოწმონ. ამ სპეციალისტების ჩართვა ობიექტის საბოლოო თვითღირებულებას ძალიან გააძვირებს. კომპანიები ამაზე წავლენ თუ არა, არ ვიცი. ვფქირობ, ამ შენობების უმეტესობა დასაშლელი იქნება”, - განაცხადა ანზორ საკანდელიძემ.

როგორც მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისია 2016 წლის აპრილში შეიქმნა.

მათივე ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, სამუშაო ჯგუფმა 50 ობიექტის პრობლემა შეისწავლა. კომისიაზე კი 26 ობიექტის საკითხი განიხილეს, რომელთაც დადებითი რეკომენდაცია მიეცათ.

”კომისიის შეფასებით მშენებლობების შეჩერების რამდენიმე მიზეზი იკვეთება: ფინანსური რესურსების არარსებობა; ინვესტორის მოძიების პრობლემა; K2 კოეფიციენტის მოსაკრებლის დავალიანება; მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელება, ვინაიდან დეველოპერებს აქვთ შეუსრულებელი ვალდებულებები (მაგ: K2 კოეფიციენტის მოსაკრებლის დავალიანება). არის სხვადასხვა ინდივიდუალური პრობლემა, როგორიცაა მშენებლობის შედეგად წარმოქმნილი ფართების შეფერხებული რეალიზაცია; ავტოსადგომისთვის აუცილებელი ფართების ნაკლებობა; სამშენებლო ტერიტორიაზე თვითნებურად ამოსული მწვანე ნარგავები; სასამართლოში მიმდინარე დავები; შიდა დავა ამხანაგობის სხვა წევრებთან ან/და მესამე პირთან, დებიტორების მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობა; სამშენებლო ობიექტებზე ყადაღის არსებობა, სახელმწიფოს წინაშე არსებული სხვადასხვა ვალდებულება - საგადასახადო დავალიანებები”, - აცხადებენ მერიაში.

მერიის ინფორმაციით, სამუშაო ჯგუმში 28 წევრია, მათ შორის არიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, თბილისის მერიის იურიდიული, ზედამხედველობის, საფინანსო და არქიტექტურის საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები, კომისიის თავმჯდომარე თბილისის მერი დავით ნარმანიაა. როგორც ქალაქის მერიაში აცხადებენ, კომისია მიიჩნევს, რომ პრობლემების მოგვარება შესაძლებელია მოხდეს საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, რითაც გამარტივდება პროცედურული საკითხები და ასევე, შეჩერებული მშენებლობებისათვის კანონმდებლობაში სპეციალური მარეგულირებელი ნორმების გაჩენით.

”კომისია ინდივიდუალურად ეცნობა ყველა ცალკეულ შემთხვევას და თბილისის მუნიციპალიტეტის კომპეტენციის ფარგლებში რეკომენდაციებს წარუდგენს თბილისის მთავრობას, რომელიც თავის მხრივ გასცემს დავალებებს შესაბამის სამსახურებზე. შეჩერებული მშენებლობების შესწავლა სპეციალურად შემუშავებული კითხვარის მიხედვით ხდება, რომელსაც შეჩერებული მშენებლობის წარმომადგენელი ავსებს. კვლევისა და პრობლემის მოგვარების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებებია - მშენებლობის დამკვეთის იდენტიფიცირება, შენებლობის დამკვეთთან კონკრეტული პრობლემების დაზუსტება, ობიექტზე გაყიდული ფართების, ამხანაგობის წევრთა კუთვნილი ფართების და ვალდებულებებით დატვირთული ფართების იდენტიფიცირება, წლების წინ დაწყებულ კონსტრუქციებზე მშენებლობების გაგრძელების უსაფრთხოების (მათ შორის, ადამიანთა დასახლების უსაფრთხოების) დასადგენად საჭიროა საექსპერტო შეფასება”, - აცხადებენ მერიაში.

სანამ შეჩერებულ მშენებლობებზე რეალური და ხალხისთვის შესამჩნევი ცვლილებები განხორიცლდება, 114-მდე კორპუსის მომავალ მაცხოვრებლებს კვლავ გაურკვეველი მომავლის ლოდინში მოუწევთ ცხოვრება.

თათია ახვლედიანი