სექტემბერში თბილისში 3331 უძრავი ქონება გაიყიდა

”თიბისი ბანკის”, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და JumpStart-ის ერთობლივი პროექტის უძრავი ქონების ლაბორატორიის (REM lab) ფარგლებში, საქართველოში უძრავი ქონების ინდექსის კვლევის ახალი შედეგები გამოქვეყნდა. როგორც ”თიბისი ბანკი” იუწყება, შედეგები 3-თვიან პერიოდს მოიცავს (2016 წლის ივლისი-სექტემბერი). 

შედეგების მიხედვით, 2016 წლის ივლისი-სექტემბერში გაყიდვების მიხედვით თბილისის სამი უმსხვილესი რაიონია: ვაკე (თვეში საშუალოდ 529 ერთეული, 20.1%); საბურთალო (თვეში საშუალოდ 406 ერთეული, 15.4%); სამგორი (თვეში საშუალოდ 292 ერთეული, 11.1%).

”გამოკვლევის მიხედვით, თბილისის უძრავი ქონების ბაზარი განაგრძობს ზრდას: სექტემბერში გაყიდვები გაიზარდა (+14.0% წინა თვესთან, +47.1% წინა წელთან) და 3331 ერთეული შეადგინა. ბაზარი გაიზარდა ა.წ. ივლისშიც (+4.3% წინა თვესთან), ხოლო აგვისტოში უმნიშვნელოდ შემცირდა (-0.3% წინა თვესთან).

სექტემბერში თბილისის წილმა ქვეყანაში განხორციელებულ გაყიდვებში პიკს მიაღწია და 42.1%-მდე გაიზარდა (39.2% ივლისში, 36.2% აგვისტოში).

თბილისის უძრავი ქონების ბაზრის გამოკვლევის მიზნით დამუშავდა ა.წ. ივლისი-სექტემბრის პერიოდის 15 000-მდე ტრანზაქცია.