ტრამპისა და მისი ოჯახის წევრების შენახვა ნიუ იორკს დღეში 1 მილიონ დოლარზე მეტი უჯდება

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი ოჯახის წევრები ნიუ-იორკს დღეში 1 მილიონ დოლარზე მეტი უჯდება.

ინფორმაციას ამის შესახებ CNN Money ნიუ იორკის მერიის სამ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

ნიუ იორკის მერიის წარმომადგენელთა განცხადებით, ეს ხარჯები მნიშვნელოვნად არ შემცირდება ტრამპის თეთრ სახლში გადასვლის შემდეგაც.

„ამის მიზეზი ის არის, რომ მელანია ტრამპი და მათი 10 წლის ვაჟი ბარონი ნიუ იორკში „ტრამპ თაუერში“ აპირებენ დარჩენას სულ მცირე, სასწავლო წლის დასრულებამდე. დონალდ ტრამპის განცხადებით კი, სანამ მისი ოჯახის წევრები ნიუ იორკში იქნებიან, სახლში რეგულარულად დაბრუნებას გეგმავს“, - წერს CNN Money.

გამოცემის ცნობით, ხარჯები მოიცავს პოლიციისა და საიდუმლო სამსახურის დაცვის ხარჯებს.

„უსაფრთხოება ამ შემთხვევაში მთავარი აქსიომაა. ჩვენ უნდა დავიცვათ არჩეული პრეზიდენტი, მისი ოჯახისა და გუნდის წევრები“, - განაცხადა ნიუ იორკის მერმა ბილ დე ბლაზიომ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ქალაქს დამატებითი ფინანსური დახმარება დასჭირდება, ვინაიდან ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აშშ-ის რომელიმე პრეზიდენტი რეგულარულად ჩერდებოდა ნიუ იორკში.