საქართველოში ბრიტანული გიგანტი-ბანკი BARCLAYS-ის დელეგაცია იმყოფება

საქართველოში სამუშაო ვიზიტით ბრიტანული უმსხვილესი მულტინაციონალური საბანკო და საფინანსო სერვისების კომპანია BARCLAYS-ის მენეჯმენტი იმყოფება.

როგორც ”საპარტნიორო ფონდში” აცხადებენ, BARCLAYS-ის ვიცე-თავმჯდომარე, მაკრამ აზარი, დირექტორები, ჯულიან მაკედო და ბარის ეფე ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებს სწავლობენ.

"ჩვენთვის საქართველო მნიშვნელოვანი ქვეყანაა. აქ ჩამოვედით, რომ ადგილზე გავეცნოთ ყველა შესაძლებლობას. ქვეყანას კარგი გეოპოლიტიკური მდებარეობა უკავია და მნიშვნელოვან კორიდორს წარმოადგენს დასავლეთ ნაწილის და აზიის, კერძოდ ჩინეთთან დასაკავშირებლად", - განაცხადა BARCLAYS საინვესტიციო ბანკინგის ვიცე-თავმჯდომარე მაკრამ აზარიმ ”საპარტნიორო ფონდის” აღმასრულებელ დირექტორთან, ირაკლი კოვზანაძესთან შეხვედრაზე.

კოვზანაძემ ბრიტანელ სტუმრებს გააცნო ფონდის მისია, მანდატი და პრიორიტეტული სექტორები, მათ შორის, სოფლის მეურნეობა, წარმოება, ენერგეტიკა და ინფრასტრუქტურა.

სტუმრებმა განსაკუთრებული დაინტერესებდა გამოხატეს ფონდის შვილობილი კომპანიების - "საქართველოს რკინიგზის" და "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" საქმიანობის მიმართ.

საუბარი შეეხო ასევე 2014 წლის ფონდისთვის პრიორიტეტულ სექტორებს. ირაკლი კოვზანაძის განაცხადებით, ფონდში ამჟამად განიხილება დაახლოებით 23 პროექტი სხვადასხვა სფეროებიდან. მანვე სტუმრებს მიაწოდა "საპარტნიორო ფონდის" ბაზაზე სუვერენული ფონდის შექმნის შესახებ ინფორმაცია, რაც მომავალში ინვესტორებს შორის სანდოობას გაზრდის და მოქმედების მეტ საშუალებას მისცემს მენეჯმენტს.

"ცვლილების მიზანია ქვეყანაში ჩამოყალიბდეს მსოფლიოში აპრობირებული სუვერენული ფონდების მსგავსი სტრუქტურული ერთეული, რომელიც გამჭვირვალობის ბევრად მეტ ელემენტს შეიძენს და უფრო ადვილად გასაგები იქნება უცხოელი ინვესტორებისთვის. სუვერენული ფონდის ჩამოყალიბების შემდეგ შევძლებთ განვიხილოთ მცირებიუჯეტიანი პროექტებიც და ასევე გავზარდოთ ფონდის პორტფელიც", - განაცხადა კოვზანაძემ.

"საპარტნიორო ფონდის" გარდა, ბრიტანელი სტუმრები საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს, და კომერციული ბანკების წარმომადგენლებს შეხვდნენ.