ბიძინა ივანიშვილის პოზიციები Forbes-ის რეიტინგში გაუარესდა

ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალ Forbes-ის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში 270-ე ადგილი დაიკავა, რითაც მისი შარშანდელი პოზიციები გაუარესდა.

გასული წლის მარტის მონაცემებით, ქართველი მილიარდერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი რეიტინგში 229-ე ადგილს იკავებდა. შარშან ბიძინა ივანიშვილის ქონება 5.3 მილიარდ აშშ დოლარად ფასობდა, წელს კი - 5.2 მილიარდად იქნა შეფასებული.

აღსანიშნავია, რომ 1.1 მილიარდი აშშ დოლარით შემცირდა ყოფილი პრემიერის ქონება 2012 წლის მარტიდან 2013 წლის მარტამდეც.

Forbes-ის ყველაზე მდიდარ ადამიანთა რეიტინგმა წელს მილიარდერთა რეკორდული რაოდენობა მოიცვა - 1,645 მილიარდერი მსოფლიოს მასშტაბით. წელს პრესტიჟულ რეიტინგს 268 ახალი სახე შეემატა, საიდანაც 42 ქალია. რეიტინგში სულ 172 ქალი მოხვდა, რაც ასევე ყველა დროის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების ქონების საერთო მაჩვენებელმა 6,4 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა (შარშან - $5.4 ტრილიონი).

რაც შეეხება რეიტინგის პირველ ხუთეულს, ადგილები გაცვალეს ბილ გეითსმა და მექსიკელმა მილიარდერმა კარლოს სლიმ ჰელუმ. შედეგად, ბილ გეითსმა შარშანდელი მეორე ადგილიდან რეიტინგის სათავეში გადაინაცვლა 76 მილიარდი აშშ დოლარის ქონებით, ხოლო სლიმ ჰელუმ შარშანდელი პირველი ადგილი დათმო და მეორე ადგილს დასჯერდა 72 მილიარდი აშშ დოლარიანი მაჩვენებლით.

შარშანდელიდან მოყოლებული, მყარად შეინარჩუნა მესამე ადგილი ესპანელმა ამანსიო ორტეგამ, რომელსაც ყველაზე მეტად ტანსაცმლის ხაზის, Zara-ს გამო ცნობენ. 77 წლის ორტეგას ქონება 64 მილიარდ აშშ დოლარადაა შეფასებული.

თავისი მეოთხე ადგილი შეინარჩუნა უორენ ბაფეტმაც. Berkshire Hathaway-ს 83 წლის აღმასრულებელი დირექტორის ქონება წელს 58.2 მილიარდ დოლარს შეადგენს.

შარშანდელთან შედარებით ცვლილება არ ყოფილა რეიტინგის მეხუთე პოზიციაზეც. ლარი ელისონი კვლავ მეხუთე ადგილზეა. Oracle-ს 69 წლის დამფუძნებელი 48 მილიარდ აშშ დოლარიანი ქონების პატრონია.

მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალის სტატუსი დაკარგა L'Oreal-ის მფლობელმა ლილიან ბეტანკურმა. მან მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგის პირველ ათეულში ერთადერთი ქალის სტატუსი Wal-Mart-ის თანახელმძღვანელს, კრისტი ვალტონს გაუცვალა. შედეგად, ვალტონი 36.7 მილიარდი აშშ დოლარით რეიტინგში მეცხრე ადგილს, ხოლო 91 წლის ბეტანკური 34,5 მილიარდი აშშ დოლარით მე-11 ადგილს იკავებენ.

რეიტინგში კვლავ ამერიკელები ლიდერობენ - სიაში 492 ამერიკელი მილიარდერია; შემდეგია ჩინეთი - 152 მილიარდერით და მესამე ადგილს იკავებს რუსეთი - 111 მილიარდერით.

გასულ წელს ყველაზე მეტად მარკ ცუკერბერგი გამდიდრდა - მისი ქონება 15.2 მილიარდით გაიზარდა და ამ დროისათვის 28.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. Facebook-ის გუნდიდან წელს მილიარდერი გახდა კიდევ ორი ადამიანი და შესაბამისად შეუერთდა კიდევ Forbes-ის რეიტინგს: შერილ სანდბერგი და ჯეფ როტშილდი. Facebook-ის მიერ WhatsApp-ის შეძენის გამო რეიტინგში მოხვდნენ ამ უკანასკნელის შემქმნელები - იან კოუმი და ბრაიან აქტომი.