ნოდარ ხადურმა მსოფლიო ბანკთან შეხვედრაზე კერძო სექტორის მხარდაჭერის პროექტები განიხილა

ფინანსთა მინისტრმა საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკში ორმხრივი შეხვედრები გამართა.

სამინისტროს ინფორმაციით, ხადური საერთაშორისო სავალუტო ფონდის განმკარგულებელი დირექტორის მოადგილეს, მინ ჟუს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს, მასუდ აჰმედს და მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს, ფრანკ ჰემსკერს უკვე შეხვდა.

ნოდარ ხადურის თქმით, მსოფლიო ბანკში, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციაში, "ოპიკში" კერძო სექტორის მხარდაჭერის პროექტები განიხილება. საერთაშორისო სავალუტო ფონდში კი საუბრის ძირითადი თემა მაკროეკონომიკური პოლიტიკის შემდგომი სრულყოფის, ფისკალური დეფიციტის შემცირების საკითხები იყო.

მინისტრის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრები მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან, მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტოსა (MIGA) და საინვესტიციო კომპანია J.P Morgan-ის წარმომადგენლებთან.

ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ფინანსთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრაში, რომელიც დღეს გაიხსნება.