ხადურის უწყებას სასამართლოში უჩივიან

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI)-მ ფინანსთა სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

სასამართლოში სარჩელის შეტანის მიზეზი, სამინისტროს მხრიდან, არასამთავრობო ორგანიზაციისთვის არასრული და არაკლასიფიცირებული ინფორმაციის მიწოდება გახდა. კერძოდ კი, სამინისტრომ IDFI-ის არასრულყოფილი სახით მიაწოდა ინფორმაცია თანამდებობის პირთა პრემიების, სახელფასო დანამატების, სამივლინებო და "როუმინგულ", ასევე ავტოპარკის ტექნიკურ მომსახურებაზე გაწეული ხარჯების შესახებ. ღონისძიების ხარჯებსა და შესყიდვებთან დაკავშირებით, სამინისტრომ IDFI-ის მხოლოდ ჯამური ღირებულებები მიაწოდა.

ამ საკითხთან დაკავშირებით, bpn.ge "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" გამგეობის თავმჯდომარეს, ლევან ავალიშვილს ესაუბრა. ავალიშვილის განცხადებით, ფინანსთა სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელის შეტანის მიზეზი გახდა ის, რომ მისმა ინსტიტუტმა, უწყებიდან გაწეული ხარჯების შესახებ საჯარო ინფორმაციის მიღება ვერ შეძლო.

როგორც ავალიშვილი ამბობს, წინა წელს ფინანსთა სამინისტროსთან აღნიშნულ თემაზე პრობლემა არ შექმნია, თუმცა წელს ხადურის უწყებიდან კონკრეტული პასუხი ვერ მიიღო, თუ რა თანხები დაიხარჯა კონკრეტულ ღონისძიებებზე, სად და რატომ ჩატარდა ეს ღონისძიებები.

იმ ინფორმაციის თანახმად, რაც ინფომარციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა ფინანსთა სამინისტროსგან მიიღო, სახელმწიფო უწყებამ გასული წლის განმავლობაში 33 საერთაშორისო დელეგაციას უმასპინძლა, რაშიც ბიუჯეტიდან 188.395,40 ლარი დახარჯა. საგულისხმოა, რომ დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდა 3-დან 80 წევრამდე.

IDFI-ის მიერ ფინანსთა სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2013 წელს ფინანსთა სამინისტროს თანამდებობის პირებზე დარიცხული პრემიების ოდენობამ 175365 ლარი შეადგინა, ხოლო სამინისტროს თანამდებობის პირებზე დარიცხულმა სახელფასო დანამატებმა 648819 ლარი. 2013 წელს, ფინანსთა სამინისტროს თანამდებობის პირების როუმინგულ მომსახურებაზე ბიუჯეტიდან 1461.83 ლარი დაიხარჯა, ხოლო თანამდებობის პირების ქვეყნის გარეთ განხორციელებულ ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე 143554.73 ლარი ( მათ შორის: დღიური – 41 277.25 ლარი; სასტუმრო – 53665.01 ლარი; მგზავრობა 45869.57 ლარი; სხვა ხარჯები – 2742.90 ლარი).

2013 წელს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისთვის, ჩანაცვლების წესით შეძენილი იქნა 22 ავტომანქანა, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ 212805,00 ლარი შეადგინა.