22 კოლოფი სიგარეტი და სარესტორნო მუსიკა ბიუჯეტის ხარჯზე

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა - IDFI-იმ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროდან გამოითხოვა ინფორმაცია 2013 წელს, სახელმწიფო უწყების მიერ ჩატარებულ ღონისძიებებსა და კონფერენციებზე გაწეული ხარჯების შესახებ.

აღმოჩნდა, რომ ენერგეტიკის სამინისტრომ გასულ წელს ამ მიზნით დაახლოებით 67 626 ლარი დახარჯა. აღნიშნული თანხიდან ყველაზე დიდი წილი გახარჯულია 24-25 ივნისს საქართველო-უკრაინის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის მასპინძლობისთვის - 28 831 ლარი, მათ შორის კვების ხარჯი - 16 551.78 ლარი. ასევე თანხის დიდი ნაწილი ენერგეტიკის სამინისტრომ 17-19 სექტემბერს მეოთხე საერთაშორისო ფორუმისთვის დახარჯა - 15 149 ლარი, აქედან კვებისთვის 8433 ლარი.

როგორც სარესტორნო მომსახურების ჩეკებიდან ირკვევა, საქართველო-უკრაინის მთავრობათაშორისი სხდომასთან დაკავშირებით 2013 წლის 25 მაისს რესტორან "ფაეტონში" 81 პერსონაზე გამასპინძლებისთვის გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 14 553 ლარი, მათ შორის მუსიკოსების მომსახურებაზე გაიხარჯა 3000 ლარი, ღვინის შეძენაზე - 2170 ლარი, ერთი ლიტრი "ჩივას რეგალის" შეძენაზე - 182 ლარი, 22 კოლოფი სიგარეტის შეძენაზე - 157 ლარი.