რეგიონული პროექტებისთვის 5 მილიონი გამოიყო

მსოფლიო ბანკმა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტომ სატრესტო ფონდის საგრანტო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომელიც რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის 5 მილიონი აშშ დოლარით თანადაფინანსებას გულისხმობს.

მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი 30 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი, 2014 წლის 3 ივლისს დაამტკიცა. პროექტი რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროსთან ერთად დაიგეგმა. მის განხორციელებაზე პასუხისმგებელია მუნიციპალური განვითარების ფონდი ეფექტიანი მმართველობის სისტემისა და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრთან ერთად 2014-18 წლების განმავლობაში.

პროექტის მიზანია, კონკრეტული მუნიციპალური სამსახურების და ინფრასტრუქტურის ეფექტურობის და სანდოობის გაუმჯობესება. აღნიშნული მიზანი პრიორიტეტულია ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განახლებაში ინვესტირებით და ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამსახურების უნარების და სისტემების გაუმჯობესების ხელშეწყობით იქნება მიღწეული.

პროექტი ორი კომპონენტისგან შედგება: ინვესტიციები ინფრასტრუქტურის განვითარებაში და ინსტიტუციური განვითარება. პირველი კომპონენტის ფარგლებში ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში განხორციელდება იმისთვის, რომ პრიორიტეტული მუნიციპალური მომსახურების რეაბილიტაცია და გაფართოება მოხდეს, ასევე ინფრასტრუქტურის განვითარების შედეგად განხორციელდეს ქალაქებსა და სოფლებში კერძო ინვესტიციების მოზიდვა. გარდა ამისა, ამ პროექტის მეშვეობით ქვეპროექტების ფარგლებში განსახორციელებელი ინვესტიციების ტექნიკური მომზადება, მათი მონიტორინგის შეფასება და პროექტის მართვასთან დაკავშირებული სხვადასხვა საქმიანობა განხორციელდება.

მეორე კომპონენტი, რომელიც შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ გამოყოფილი 5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის გრანტით ფინანსდება, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს და მუნიციპალური განვითარების ფონდს მათი ინსტიტუციური შესაძლებლობების და შესრულებული სამუშაოს ხარისხის გაუმჯობესებაში დაეხმარება.