EBRD და "ვითიბი" ბიზნესის და ენერგეტიკის სფეროს ერთობლივად დაფინანსებას იწყებენ

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და "ვითიბი ბანკი ჯორჯია" კორპორატიული, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის და ენერგეტიკის სფეროს ერთობლივად დაფინანსებას იწყებენ.

"ვითიბი ბანკის საზოგადოებასთან" ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, "ვითიბი ბანკ ჯორჯიასა" და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკებს შორის, 27 ივნისს ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის თანახმადაც EBRD -ი და "ვითიბი ბანკი ჯორჯია" ერთობლივად მოახდენენ კორპორატიული კლიენტების, ასევე მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის დაფინანსებას საქართველოში. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წილი "ვითიბი ბანკთან" ერთად მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის დაფინანსების სფეროში 20 000 000 აშშ დოლარი იქნება.

აღნიშნული თანხიდან, 5 000 000 აშშ დოლარის ფარგლებში "ვითიბი ბანკი" საკუთარი რესურსით მოახდენს საშუალო ბიზნესის დაფინანსებას, რაც EBRD-ის მიერ იქნება გარანტირებული.

აღსანიშნავია, რომ "ვითიბი ბანკი ჯორჯია" პირველი კომერციული ბანკია საქართველოში, რომელთანაც EBRD-ი მსგავსი ტიპის პროექტს ახორციელებს.

ზემოთ აღნიშნული რესურსები გამოყენებული იქნება საწარმოების გასავითარებლად. ასევე, საინვესტიციო და საექსპორტო წარმოების დასაფინანსებლად.

ამასთან ერთად, 27 ივნისს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც EBRD 3 000 000 აშშ დოლარს გამოუყოფს "ვითიბი ბანკს" ევროკავშირისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ენერგოეფექტური პროგრამის ფარგლებში, რომელიც ბანკის მიერ საქართველოში ენერგეტიკის სფეროს განვითარებისთვის და ენერგოეფექტური პროექტების დასაფინანსებლად იქნება გამოყენებული.

როგორც "ვითიბი ბანკის" ფინანსურმა დირექტორმა, მამუკა მენთეშაშვილმა განაცხადა, "ვითიბი ბანკსა" და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები ძალიან მნიშვნელოვანია კორპორატიული, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის შემდგომი განვითარებისთვის.