უკრაინელებისთვის ერთ-ერთი ძვირი საკურორტო ქვეყანა საქართველოა

ბათუმის 3-ვარსკვლავიან სასტუმროში 1 დღე დასვენება უკრაინელს 70 დოლარი დაუჯდება, თურქეთში - 67 დოლარი, ბულგარეთში – 56 დოლარი

ტურისტული საგზურების ფასებით საქართველო ტურისტულ ქვეყნებს შორის ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზეა. ამას მოწმობს უკრაინული ტუროპერატორების სატარიფო ნუსხა, რომელსაც ისინი უკრაინელ ტურისტებს სთავაზობენ. მაგალითად, მარტივი გადაანგარიშებით, ბათუმის 3-ვარსკვლავიან სასტუმროში უკრაინელ ვიზიტორს 1 დღე დასვენება 70 დოლარი დაუჯდება, თურქეთი - 67 დოლარი, ბულგარეთში - 56 დოლარი, საბერძნეთში - 108 დოლარი.

თურქეთში, რომელიც მომსახურების მაღალი დონითაა ცნობილი, ტურისტული საგზურების ფასი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე საქართველოს შავიზღვისპირა კურორტებზე. შედარებისთვის, კურორტ ქემერის 3-ვარსკვლავიან სასტუმროში ერთკვირიანი საგზურის ღირებულება, სრული კვებით 473 დოლარია,  4-ვარსკვლავიან სასტუმროში მომსახურების საფასური - 571 დოლარი, ხოლო 5-ვარსკვლავიანში - 579 დოლარს შეადგენს.

კიდევ უფრო იაფი ღირს დასვენება ბულგარეთში, რომელსაც საქართველო წელს, უკრაინელი ტურისტებიდან გამომდინარე, კონკურენციასაც კი უწევს. ბულგარულ კურორტებზე 2-ვარსკვლავიანი სასტუმროს მომსახურების ფასი 544 ლარს შეადგენს, 3-ვარსკვლავიან სასტუმროში ეს მაჩვენებელი 693 ლარამდე მატულობს და ახლომდებარე კურორტებს შორის ყველაზე იაფი ტარიფია.

საბერძნეთში ერთკვირიანი საგზურის ფასი 3-ვარსკვლავიან სასტუმროში 1340 ლარი ღირს, 4-ვარსკვლავიან სასტუმროში ტარიფი 1439 ლარით განისაზღვრება, ხოლო 5-ვარსკვლავიან სეგმენტში დასვენების ღირებულება 1541 ლარს შეადგენს.

შრი ლანკაზე ერთკვირიანი დასვენების საგზური 5-ვარსკვლავიან სასტუმროში 1629 ლარია.

არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, რას ელ ჰაიმაში, 4-ვარსკვლავიან სასტუმროში დასვენება ტურისტს 449 დოლარი უჯდება, ხოლო 5-ვარსკვლავიან სასტუმროში - 542 დოლარი.

უკრაინული ავიაკომპანიის მონაცემებით, ყველაზე მაღალი ტარიფი საფრანგეთშია, სადაც 2-ვარსკვლავიან სასტუმროში ერთკვირიანი საგზურის საფასური 1260 ლარს შეადგენს.

საქართველოს შემთხვევაში, მართალია 8-დღიანი საგზურებია, მაგრამ მომსახურების ფასით, ის მაინც ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზე იმყოფება. უკრაინელ ტურისტებს ქობულეთის 3-ვარსკვლავიან სასტუმროში დასვენება, დილის საუზმით, 552 დოლარი დაუჯდებათ, უფრო ძვირია ბათუმი - 558 დოლარი. გაცილებით მაღალია დასვენების ღირებულება ბათუმის 4-ვარსკვლავიან სასტუმროში და ის 744 დოლარით განისაზღვრება.

იმ ფონზე, როდესაც ტურისტული ქვეყნები დაბალი ტარიფის შენარჩუნებას ცდილობენ, ქართულ კურორტებზე მომსახურების ღირებულება მატულობს. საფასო ცვლილება განსაკუთრებით შესამჩნევია ბათუმში, სადაც სასტუმროებმა ტარიფის გაზრდა უკვე მოასწრეს.

ტურისტულ კომპანიებში ფიქრობენ, რომ მაღალი ფასი საქართველოს მიმართ ინტერესს ვერ გაანელებს და ის კვლავ დასვენების ერთ-ერთ მიმზიდველ ადგილად დარჩება რეგიონში.

ტუროპერატორების ინფორმაციით, მიმდინარე სეზონზე ბათუმში დასვენების საფასური ცოტათი გაძვირდა, რაც უპირველესად სეზონური ცვლილებითაა გამოწვეული.

კომპანია ”იმპერიალ თრეველის”დირექტორი რომან კუპრეიშვილი აღნიშნავს, რომ სეზონის ბოლომდე ზღვისპირა კურორტებზე მორიგი გაძვირება ნაკლებადაა მოსალოდნელი, რადგან ფასმა უკვე მოიმატა.

”არა მგონია, რომ ეს ცვლილება უკრაინელი ტურისტების აქტიურობას გამოეწვია. ასევე ვფიქრობ, რომ მომსახურების სიძვირე უცხოელ დამსვენებლებში საქართველოს მიმართ ინტერესს ვერ გაანელებს, რადგან ფასი არ არის ხელისშემშლელი ფაქტორი მათ მოსაზიდად. თურქეთთან შედარებით, საქართველოში დასვენება ყოველთვის ძვირი იყო, მაგრამ ტურისტებისთვის ამას ხელი არ შეუშლია.

სიმართლე გითხრათ, მიჭირს მიზეზების დაკონკრეტება, რასაც შეეძლო საქართველოში ტურისტული მომსახურების ღირებულება განესაზღვრა. ჩვენი ქვეყანა ტურისტებისთვის იმდენად საინტერესო და მიმზიდველია, რომ არავითარ შემთხვევაში არ გაქრება ინტერესი მის მიმართ”, - აცხადებს კუპრეიშვილი.

საქართველოში ტურისტული მომსახურების სიძვირის მიზეზად ტურიზმის სფეროს ექსპერტი მარინა მეტრეველი პოლიტიკურ მოტივს განიხილავს. საქართველოში ტურისტული ბიზნესი არ არის დარგზე ორიენტირებული და მაღალ ფასს ფსიქოლოგიური მომენტი განაპირობებს.

”დასვენების ფასის ზრდა საქართველოში არასტაბილურმა პოლიტიკურმა სიტუაციამ განაპირობა. სამწუხაროდ, ბიზნესმენები გარანტირებულ მოგებაზე არ არიან ორიენტირებულნი და ყველა ცდილობს, ბიზნესში ჩადებული თანხა სწრაფად ამოიღოს. ეს წმინდა ფსიქოლოგიური მომენტია.

დავოსის ეკონომიკური ფორუმის 2013 წლის კვლევების მიხედვით, რომელიც 140 ქვეყანაზე ჩატარდა, საქართველო 118-ე ადგილზეა კლიენტზე ორიენტირების კრიტერიუმში. ტურისტული ბიზნესი არ არის დამსვენებლებზე ორიენტირებული და ძალიან ცუდი მაჩვენებელი ამ ფაქტორმა გამოიწვია”, - აცხადებს მეტრეველი.

მისი აზრით, ტურისტული ფასებით საქართველო არ არის კონკურენტუნარიანი ქვეყანა, რაც ტურისტული სტრატეგიის არქონითაა გამოწვეული.

”ტურისტულ ბიზნესში ჩართულმა ადამიანებმა არ იციან, დამსვენებლებს როგორ მოემსახურონ, რა ფასები დაწესდეს, რომ მუდმივი კლიენტურა გაიჩინონ და საქართველოს განვითარებული ტურისტული ქვეყნის სტატუსი შეუქმნან. რატომღაც ჰგონიათ, რომ მომსახურების გაძვირება უკრაინელი ტურისტების მოზღვავებამ გამოიწვია. ასე არ არის.

პოლიტიკური სიტუაციების გამო, ბიზნესმენები მაღალი ფასის შენარჩუნებას ცდილობენ. იმისთვის, რომ ქვეყანა უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს, პოლიტიკა უნდა წარიმართოს სწორად და ტურიზმის განვითარების სტრატეგია შემუშავდეს. ეს მოგვცემს შესაძლებლობას, ავწიოთ მომსახურების დონე, რომ ფასი ხარისხს შეესაბამებოდეს”, - აცხადებს მარინა მეტრეველი.

მარი ჩიტაია

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”