ნოდარ ხადური: მომავალი წლისთვის თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება გაიზრდება

წინა ხელისუფლებამ თავდაცვაზე 8 მილიარდი დახარჯა და პირადად მაქვს ნანახი, რა კატასტროფული მდგომარეობაა მარნეულისა და ვაზიანის ბაზებზე.

აღნიშნული განცხადება ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, 2013 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის წარდგენისას, უმცირესობის კითხვის პასუხად გააკეთა.

მინისტრის თქმით, მომავალი წლისთვის თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება იზრდება.

პარლამენტის სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატი ნუგზარ წიკლაური დაინტერესდა, თუ რატომ შემცირდა რუსული საფრთხეების გაზრდის პირობებში თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება.

"როდესაც ამბობთ, რომ თავდაცვის სამინისტროს 2012 წელს 720 მილიონი ლარი ჰქონდა, აქედან 60 მილიონი ლარი ჩვენ მივეცით, რათა ჯარი დეკემბერში მშიერი არ დარჩენილიყო. თანხები, რაც ბიუჯეტით იყო გათვალისწინებული, თავდაცვის სამინისტროს წინა ხელმძღვანელობამ სრულად გაუგებარი ტენდერებით, უაზროდ გაფლანგა და დეკემბერში, ჩვენ რომ მოვედით, ჯარს კვების პრობლემა ჰქონდა და დამატებით 60 მილიონი მივეცით. კარგად იცის საზოგადოებამ კვებაზე კორუფციული გარიგებების შესახებ", - მიმართა უმცირესობას ნოდარ ხადურმა.

პასუხად წიკლაურმა განაცხადა, რომ ის, რითაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ჯარი იკვებებოდა, ათასობით ჯარისკაცის მოწამლვის მიზეზი გახდა.