არბიტრაჟის გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე  ბაჟი 150 ლარით განისაზღვრება

სახელმწიფო ბაჟის შესახებ კანონში ცვლილებები შევა.

ამის შესახებ გადაცემა ”ბიზნესკონტაქტში” ბიზნესასოციაციის იურისტმა, ნიკა ნანუაშვილმა ისაუბრა.

ნიკა ნანუაშვილის განცხადებით, სახელმწიფო ბაჟის შესახებ კანონში შეტანილი მთავარი ცვლილება არბიტრაჟის ფასს უკავშირდება. აღნიშნული ცვლილების მიხედვით, არბიტრაჟის გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე ბაჟი 150 ლარის ოდენობით განისაზღვრება.

ნიკა ნანუაშვილი აღნიშნული ცვლილების მნიშვნელობაზეც საუბრობს და განმარტავს, რომ დღეის მდგომარეობით, ეს ბაჟი შეადგენს სადავო ნივთის ღირებულების 3 %-ს. ”როდესაც ბიზნეს-დავებზეა საუბარი, დავის საგნის ღირებულების 3% შესაძლოა, საკმაოდ დიდი თანხა იყოს, ამიტომ, შემოთავაზებული ცვლილება მნიშვნელოვნად აიაფებს ბიზნესისათვის არბიტრაჟში დავის მიტანას და განხილვას”,- აცხადებს ნანუაშვილი.

არბიტრაჟის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, ბიზნეს მხარეებს ასევე აქვთ საშუალება, თავად აირჩიონ, სად და ვის მიერ განიხილება მათი დავა. ”ბიზნეს მხარეებს შორის დავის წარმოშობის შემთხვევაში, მთლიანად მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული, დავა სასამართლოს მიერ განიხილება თუ არბიტრაჟის მიერ. მხარეებს შეუძლიათ ეს თვითონ განსაზღვრონ და თავად შეარჩიონ ის არბიტრები, ვინც მათ დავას განიხილავენ,”- აცხადებს ნიკა ნანუაშვილი.

არბიტრაჟის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე მუშაობა, დაახლოებით, ერთი წლის წინ დაიწყო და ამ პროცესში იუსტიციის სამინისტრო, ბიზნესასოციაცია, ასევე დარგის ექსპერტები და ბიზნესწრეები იყო ჩართული.