IDFI : 2012 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, კუდ-მა პრემიის სახით 2 626 400 ლარი გასცა

IDFI-ის ინფორმაციით, 2012 წლის იანვრიდან სექტემბრის თვის ჩათვლით შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა პრემიის სახით 2 626 400 ლარი გასცა.

IDFI-მ დღეს გამოაქვეყნა საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან მიღებული შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აუდიტის ანგარიში, სადაც წარმოდგენილია 2011 წლის 1-ლი იანვრიდან 2012 წლის 30 ნოემბრამდე დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული ფინანსური ნაკლოვანებები.

IDFI-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ "2011 წელს დეპარტამენტის დირექტორს შრომის ანაზღაურების სახით 104 200 ლარი დაერიცხა, საიდანაც პრემიის სახით მიღებული აქვს 66 700 ლარი. ნოემბრის თვეში დირექტორს ერთჯერადად პრემიის სახით 14 500 ლარი დაერიცხა. დირექტორის მოადგილეების 2011 წელს მიღებული პრემიების ოდენობა მერყეობს 29 300 – დან 39 900 ლარამდე.

2012 წლის აგვისტოს თვეში დეპარტამენტის დირექტორს პრემიის სახით მიღებული აქვს 18 750 ლარი. სულ ივლისიდან ოქტომბრის თვის ჩათვლით პრემიის სახით მიღებული აქვს 39 500 ლარი. მინისტრის ბრძანებებში პრემიის გაცემის საფუძვლად მითითებულია ზოგადად "სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერი შესრულებისათვის", თუმცა უცნობია, თუ რა კონკრეტული დამსახურებებისათვის არის გაცემული ზემოთ ხსენებული ოდენობის პრემიები."

IDFI-ის ინფორმაციით, შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურებაზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს 2011 წლის განმავლობაში გაწეული აქვს 1 311 200 ლარის საკასო ხარჯი.

"შტატგარეშე მომუშავეთა საშუალო წლიურმა შრომის ანაზღაურებამ 2011 წელს 21 852 ლარი შეადგინა, ხოლო შტატით გათვალისწინებულ თანამშრომელთა საშუალო წლიურმა შრომის ანაზღაურებამ – 17 184 ლარი. 2011 წლის განმავლობაში შტატგარეშე მომუშავეთა საშუალო წლიური შრომის ანაზღაურება შტატით გათვალისწინებული თანამშრომლების საშუალო წლიურ ანაზღაურებას აღემატება 4 668 ლარით, რაც კანონმდებლობის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება", - აღნიშნულია IDFI-ის ინფორმაციაში.