საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში ეროვნული ბანკის 2013 წლის ანგარიში მოისმინეს

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში ეროვნული ბანკის 2013 წლის ანგარიში მოისმინეს.

მომხსენებლის, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, არჩილ მესტვირიშვილის ინფორმაციით, 2014 წლისთვის მიზნობრივი ინფლაცია 6%-ით არის განსაზღვრული, ხოლო 2015-2016 წლებისთვის - 5%-ით.

მისივე განცხადებით, 2013 წელს გაიზარდა ფულადი გზავნილებისა და ტურისტული მომსახურებიდან მიღებული შემოსავლების რაოდენობა, ასევე აღინიშნა ექსპორტის მნიშვნელოვანი მატებაც, ხოლო წლის ბოლოს ინფლაციის მაჩვენებელმა 2.4% შეადგინა.

მომხსენებლის განცხადებით, მთავარ პრიორიტეტად კვლავ სავაჭრო ბაზის განვითარება და საერთაშორისო რეზერვების ადეკვატურ დონეზე შენარჩუნება რჩება. არჩილ მესტვირიშვილის თქმით, ეროვნული ბანკის მთავარი საზრუნავი მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობის ზრდაა.

ასევე აღინიშნა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი საბანკო სექტორის მდგრადობის გაძლიერებისა და მონიტორინგისთვის რისკებზე ორიენტირებულ საზედამხედველო პოლიტიკას ატარებდა, ყურადღება ექცეოდა საბანკო სექტორის ეფექტიანობას და მომხმარებელთა უფლებების დაცვას. ასევე, დაინერგა რისკების შეფასების საერთო პროგრამა, რომლის მიზანი კომერციული ბანკების რისკებზე ორიენტირებული ზედამხედველობის პროცესის ეფექტური ორგანიზებაა.

საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის წევრებმა ეროვნული ბანკის 2013 წლის ანგარიშის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.