"იუკოსის" აქციონერებმა რუსეთს ჰააგაში არბიტრაჟი მოუგეს

რუსული გამოცემა Коммерсантъ-ის ინფორმაციით, Group Menatep Limited-მა (GML), რომელიც "იუკოსის" ყოფილი აქციონერების ინტერესებს წარმოადგენს, რუსეთს ჰააგაში პროცესი მოუგეს.

გამოცემის ინფორმაციით, არბიტრაჟმა გადაწყვიტა, რომ რუსეთმა GML-ს 50 მილიარდი დოლარის ოდენობით კომპენსაცია უნდა გადაუხადოს, თუმცა მოსარჩელე 114 მილიარდს ითხოვდა. არბიტრაჟმა ჩათვალა, რომ რუსეთმა დაარღვია ენერგეტიკული ქარტია და "იუკოსის" აქტივების კონფისკაცია მოახდინა. ამასთან, რუსეთმა უნდა აანაზღაუროს სასამართლოს ხარჯები 65 მილიონი დოლარის ოდენობით.

"იუკოსი" 1993 წელს შეიქმნა. 2003 წელს რუსეთის ხელისუფლებამ კომპანია გადასახადების გადაუხდელობაში დაადანაშაულა და ქონება გაუყიდა. "იუკოსის" აქტივების 80% "როსნეფტმა" შეიძინა, ხოლო კომპანიის პრეზიდენტი და მთავარი აქციონერი მიხეილ ხოდორკოვსკი გასამართლებულ იქნა. 2007 წელს "იუკოსის" ლიკვიდირება მოხდა. ხოდორკოვსკის პრესმდივნის, ოლგა პისპანენის განცხადებით, Group Menatep Limited ლეონიდ ნეზვალინის, ვლადიმერ დუბოვისა და სხვა აქციონერების ინტერესებს წარმოადგენდა და მიხეილ ხოდორკოვსკისთან კავშირი არ ჰქონია.