საზამთრო გაძვირდა

ექსპორტს ფასზე გავლენა არ მოუხდენია, გაძვირება მხოლოდ პროდუქტის დეფიციტს უკავშირდება

უამინდობამ საზამთროს მოსავალზე ცუდად იმოქმედა. მისი საერთო რაოდენობა 1 მილიონ ტონამდეც არ არის, როდესაც შარშან გლეხებმა 3 მილიონი ტონა საზამთრო მოიწიეს. ნათესი ფართობის მოცულობა განახევრდა.

პროდუქტის დეფიციტმა გავლენა მოახდინა ფასზეც, მთელი სეზონის განმავლობაში საზამთრო არ გაიაფებულა. ამ ეტაპზე 1 კგ საზამთროს ფასი 0.70 ლარის ფარგლებშია, ხოლო ადგილზე მისი შეძენა 0,45-0,50 ლარზე ნაკლებად შეუძლებელია.

მოვაჭრეები უახლოეს პერიოდში მორიგ გაძვირებაზე საუბრობენ, თუმცა იქვე აღნიშნავენ, რომ აგვისტოს შუა რიცხვებიდან საზამთრო უმნიშვნელოდ გაიაფდება.

უამინდობასთან ერთად, მოსავლის დეფიციტი მოსახლეობის სიდუხჭირემაც განსაზღვრა. გლეხებისა და მეხილეობის დარგის სპეციალისტების ინფორმაციით, 1 ჰა საზამთროს მოყვანა 1200 ლარი ჯდება, რისი შესაძლებლობაც გლეხებს არ აქვთ.

მეხილეობის სფეროს წამყვანი სპეციალისტი გოჩა ზენაიშვილი ამბობს, რომ წელს ქართული საზამთრო ექსპორტზე არ გასულა, რაც მაღალ ფასთან ერთად, უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმაც განაპირობა (საქართველოდან საზამთროს ექსპორტი, ძირითადად, უკრაინაში ხორციელდებოდა).

”წელს საზამთროს მცირე მოსავალია, სიძვირეც ამის ბრალია. სამწუხაროდ, დეფიციტის მიზეზი მხოლოდ ამინდი არ გამხდარა. გლეხებს მოსავლის მოვლის შესაძლებლობა არ ჰქონდათ და ამან ცუდი შედეგი მოიტანა. მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა მოქმედებს და მოსახლეობას ეხმარებიან, მდგომარეობა ქართული სოფლისთვის კვლავ არასახარბიელოა. ელემენტარულად, 1 ჰექტარზე ხარისხიანი საზამთროს მოსავლის მისაღებად, ყველა საჭირო აგროტექნიკური ღონისძიება რომ ჩატარდეს, ხარჯი 1200-1300 ლარამდეა. ამხელა ხარჯს გლეხები ვერ აუდიან.

ყველაზე დიდ საზამთროს მოსავალს დედოფლისწყაროში ელოდნენ, მაგრამ იქაც გაფუჭდა. ყვარლის რაიონში კი ეს ხილი სანთლით საძებარი გახდა, მოსავალი იქ თითქმის აღარ არის”, - აცხადებს ზენაიშვილი.

რაც შეეხება ფასს, მისი ვარაუდით, აგვისტოს შუა რიცხვებიდან, საზამთრო ცოტათი გაიაფდება.

”მოხდა ისე, რომ გაზაფხულზე გამოსაყვანი ჩითილები გაფუჭდა და ამან მოსავლის შემცირება გამოიწვია. თავის დროზე მიწაც ვერ დამუშავდა, უსახსრობის გამო, გლეხებმა ვერ შეიტანეს პრეპარატებიც, რითიც საზამთრო 4-5 დღეში ერთხელ მაინც უნდა დამუშავდეს. შარშანდელთან შედარებით, მოსავლის მესამედიც აღარ არის.

მაისში გამოყვანილი ჩითილებიდან მიღებული მოსავალი ბაზარზე აგვისტოს შუა რიცხვებიდან შემოვა, ამ პერიოდიდან ბაზრებს პროდუქტი დასავლეთ საქართველოდანაც შეემატება. ეს ორი ფაქტორი ფასზეც იმოქმედებს, მაგრამ საგრძნობ სხვაობას არ ველოდები.

დეფიციტის გამო საზამთროს ექსპორტზე გატანაც ვერ მოხერხდა. უკრაინის მიმართულებით კი ექსპორტის შეჩერება ყირიმის მოვლენებს უკავშირდება და ამის გამო, საზამთრო ქვეყნიდან არ გაუტანიათ. ამდენად, ექსპორტი ფასზე გავლენას ვერც მოახდენს. მოსავლის გაძვირება მხოლოდ მის დეფიციტს უკავშირდება”, -აცხადებს გოჩა ზენაიშვილი.

მოსავლის შემცირებაზე საუბრობენ ფერმერებიც. გია ჩახოშვილის ინფორმაციით, ადგილზე დიდია მოთხოვნა საზამთროზე, მაგრამ მოსავალი რეალურად ცოტაა, რის გამოც ფასმა მოიმატა.

”მცირე მოსავალი მივიღეთ, ამინდმა არ გაამართლა. გასაყიდი საზამთრო ცოტაა, ხოლო მოთხოვნას ვერ ავუდივართ. ორიოდე დღის წინ 50 თეთრზე ნაკლებად არ იყიდებოდა, ახლა 45 თეთრადაც იშოვება, მაგრამ მაინც ძვირია. კარგი მოსავალი საკმაო ხარჯს უკავშირდება, რის შესაძლებლობასაც მოკლებული ვართ. ამიტომ შედეგიც სახეზეა”, - ამბობს ფერმერი.

მოვაჭრეების ინფორმაციით, საზამთროს ბითუმად შესყიდვა შემცირდა, თუმცა იმის საფრთხეც არ არის, რომ მოსავალი გასაყიდი დარჩეს.

”საზამთროს ადგილობრივი გლეხებისგან ვყიდულობ და თბილისში ჩამომაქვს გასაყიდად. ერთ ჯერზე ბევრი ვერ მომაქვს, 2-3 ტონას ვეზიდები და ოთხ-ხუთ დღეში ვყიდი. ხარჯიც მაქვს, გადაზიდვის გარდა, ზოგი ნაყოფი ტრანსპორტირებისას ფუჭდება, ზოგიც მანამ, ვიდრე მთელ პროდუქციას გავყიდი. რომ დავითვალე, კილოგრამზე ხარჯი დაახლოებით 3 თეთრია, მოგება კი 10-12 თეთრი მრჩება.

მყიდველის უკმაყოფილების მესმის, მაგრამ ფასს ჩვენ არ ვადგენთ. ძვირად ნაყიდ პროდუქტს ვერ გავაიაფებთ და ზარალზე ვერ წავალთ. მალე საზამთრო დასავლეთ საქართველოდანაც შემოვა და ფასიც დაიწევს. დიდ სხვაობას არ ველოდები, მაგრამ იმდენი მაინც იქნება, რომ მომხმარებლისთვის შესამჩნევი გახდეს და ესეც შეღავათია”, - ამბობს გივი შაქარაშვილი, მოვაჭრე.

ამ ეტაპზე ძვირია ნესვიც, რაც ასევე დეფიციტურია. ”საზამთროს თუ ყიდი, ნესვიც უნდა გქონდეს. კილოგრამი ნესვის საბითუმო ფასი დაახლოებით 70-80 თეთრია, აქ კი 1 ლარი ღირს. ტრანსპორტირების ხარჯებსაც თუ გავითვალისწინებთ, ნესვზე მოგება თითქმის არ გვრჩება. ერთი ეგ არის, რომ აქ დგომისთვის არანაირ გადასახადს არ ვიხდით. მხოლოდ ნებართვა ავიღეთ გამგეობაში გარევაჭრობის უფლებაზე. დროდადრო საპატრულო პოლიცია გვამოწმებს, გვაქვს თუ არა ნებართვა. სეზონური საქმიანობაა და ამიტომ რეალიზაციის პრობლემა არ გვაქვს. სიძვირის მიუხედავად, საზამთროც და ნესვიც კარგად იყიდება”, - ამბობს მოვაჭრე.

მარი ჩიტაია

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”