ალტერნატიული აუდიტის საქმიანობაში ბევრი დარღვევაა გამოვლენილი

2015 წლის 1 იანვრიდან ქვეყანაში ალტერნატიული აუდიტი აღარ იარსებებს და გადასახადის გადამხდელის ფინანსურ შემოწმებას მხოლოდ შემოსავლების სამსახური განახორციელებს.

სახელმწიფო უწყებაში იმ ხარვეზებზე საუბრობენ, რაც ალტერნეტიულ აუდიტს მუშაობის პროცესში ჰქონდა და აღნიშნავენ, რომ მათი მიზანი არ არის გადასახადის გადამხდელის ტოტალური შემოწმება, არამედ რისკებზე დაფუძნებული აუდიტის განხორციელება.

საინტერესოა, რომ არსებობის ოთხი წლის განმავლობაში ალტერნატიულმა აუდიტმა 10 ათასზე მეტი გადასახადის გადამხდელი შეამოწმა და ბიუჯეტის სასარგებლოდ დაახლოებით 100 მილიონი ლარის გადახდა დააკისრა. შემოსავლების სამსახურის აუდიტორებმა კი ამავე პერიოდში დაახლოებით 8 ათასი გადასახადის გადამხდელი შეამოწმეს და მათ მიერ განხორციელებულმა დარიცხვამ 1,2 მილიარდ ლარზე მეტი შეადგინა. ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯარიმებისა და საურავების მოცულობაში ასეთი თვალსაჩინო სხვაობა რამდენიმე მიზეზით აიხსნება, მათ შორის იმით, რომ კერძო აუდიტორს არ ჰქონდა უფლება მაღალი ბრუნვის მქონე გადასახადის გადამხდელი შეემოწმებინა. მიუხედავად ამისა, კერძო სექტორის ნაწილი ფიქრობს, რომ მათთვის ალტერნეტიული აუდიტის გაუქმება სახელმწიფო საგადასახადო ადმინისტრაციული ბერკეტის გამკაცრებას ნიშნავს, რაც ხანგრძლივ პერსპექტივაში ნეგატიურად იმოქმედებს ბიზნესზე.

ხატია მოისწრაფიშვილი, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი: ”ალტერნატიული აუდიტის სამსახური 2010 წლის დეკემბერში, მინისტრის ბრძანებით შეიქმნა და მისი ჩამოყალიბების მიზანი, გადასახადის გადამხდელების ტოტალური შემოწმების განხორციელება იყო. შესაბამისი უფლებამოსილების მქონე კერძო აუდიტორებს უფლება ჰქონდათ, შემოწმების დასრულების შემდეგ გამოეწერათ საგადასახადო აქტი, რომელიც შემოსავლების სამსაუხრის მიერ გამოწერილი აქტის ტოლფასი იყო. აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ალტერნატიულ აუდიტს, როგორც ფინანსური შემოწმების საშუალებას, არ ირჩევდა თავად გადასახადის გადამხდელი. გადაწყვეტილებას ამის შესახებ იღებდა შემოსავლების სამსახური და ძირითადად დაბალი რისკის მქონე კომპანიების შემოწმების უფლებას აძლევდა. შესაბამისად, როცა საუბარია, რომ ამ გადაწყვეტილებით აუდიტორული ბიზნესი დაზარალდება, ეს სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან მეწარმეს ამ თვალსაზრისით არჩევანის უფლება არც მაშინ ჰქონდა”.

როგორც BPN-მა გამოარკვია, ალტერნატიული აუდიტის ინსტიტუტის შემოღებისას აუდიტორებისთვის განისაზღვრა A, B და C კატეგორიები, თუმცა მოგვიანებით ეს მიდგომა შეიცვალა და მხოლოდ ორი კატეგორია დარჩა. შემოსავლების სამსახურში ამბობენ, რომ დაახლოებით ერთი წლის წინ ჩატარდა ტესტირება, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 1870 პირმა, მათ შორის მოქმედმა უადიტორებმა და მათგან ზღვარი მხოლოდ 298-მა გადალახა. მათ მოიპოვეს უფლება, გასულიყვნენ შემოსავლების სამსახურის კონკურსში და მინიჭებოდათ შესაბამისი კატეგორიის აუდიტორის კვალიფიკაცია. აღსანიშნავია, რომ ამ 298 პირიდან მეორე კატეგორიის აუდიტორის კვალიფიკაცია მიენიჭა მხოლოდ 120 პირს, ხოლო პირველი კატეგორია არავის მინიჭებია. შემოსავლების სამსახურში ამბობენ, რომ ალტერნატიული აუდიტის პროექტის არსებობის განმავლობაში პირველი კატეგორია არავის მინიჭებია. მეორე კატეგორიის აუდიტორს კი შემოსავლების სამსახურის ნებართვით დაბალი რისკის მქონე კომპანიების შემოწმების უფლება აქვთ, რომელთა წლიური ბრუნვა 500 ათას ლარს არ აღემატება".

"ჩვენი მიზანი არ არის ყველა გადასახადის გადამხდელის შემოწმება. ჩვენთვის პრიორიტეტული რისკებზე დაფუძნებული აუდიტია. სწორედ ეს არის თანამედროვე საგადასახადო ადმინისტრაციის პრინციპი. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები რეკომენდაციებში ხაზგასმით წერენ, რომ თანამედროვე საგადასახადო ადმინისტრაცია იყენებს რისკის და გადამხდელის სეგმენტზე გათვლილ აღსრულების პოლიტიკას და მიმართულია მხოლოდ განსაკუთრებული რისკის მქონე გადამხდელებზე და არა მოსახლეობის ფართო წრეებზე.

რაც შეეხება ალტერნატიულ აუდიტს, მათ საქმიანობაში ბევრი დარღვევა იყო გამოვლენილი, რაც შემდეგ დავის საგანი ხდებოდა. ოთხი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული კერძო აუდიტორების მიმართ, მაშინ როცა არც ერთი სისხლის სამართლის საქმე არ არის აღძრული შემოსავლების სამსახურის აუდიტორების მიმართ. შემოსავლების სამსახური ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით ახორციელებდა ალტერნატიული აუდიტის საქმიანობის ხარისხის კონტროლს. იყო ბევრი შეუსაბამობა, მაგალითად ალტერნატიული აუდიტის მიერ თუ იყო დარიცხული 4 ათასი ლარი, შემოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ უნდა მომხდარიყო 774 ათასი ლარის დარიცხვა. ასეთი არასწორი დარიცხვები რომ არ გამოვლენილიყო, ბიუჯეტი 3 მილიონ ლარზე მეტს იზარალებდა",- ამბობს მოისწრაფიშვილი.

ალტერნატიული აუდიტის გაუქმების შემდეგ, ბუნებრივად ჩნდება კითხვა - ეყოფა თუ არა შემოსავლების სამსახურს სახელმწიფო აუდიტორების რესურსი გადასახადის გადამხდელთა შესამოწმებლად? შემოსავლების სამსახურში ამბობენ, რომ ბევრ რესურსს ხარჯავენ კადრების მოსამზადებლად და ამ ეტაპზე უკვე ჰყავთ სპეციალისტთა ჯგუფი, რომლებსაც შუეძლიათ დაბალი რისკის მქონე ორგანიზაციების პროფესიონალურ დონეზე შემოწმება. სამომავლოდ კი შემოსავლების სამსახური გეგმავს აუდიტორთა რაოდენობის ზრდას და ყველას, ვისაც გავლილი აქვს ტესტირება ალტერნატიულ აუდიტორთა კონკურსში, შემოსავლების სამსახურში დასაქმების შანსი ექნება.

ემა ტუხიაშვილი